დოკუმენტური ფილმი, „უანგარო მსახურება“, რომელიც განდეგილი ბერების ცხოვრებას ასახავს, პრემიერისთვის მზადაა. ამის შესახებ Imedinews-ს ფილმის რეჟისორმა, ჯეიმს ჰიგინსონმა განუცხადა.
ჰიგინსონი პრემიერისთვის სავარაუდო ადგილად ქართულ კინო-თეატრებს განიხილავს, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ტელეკომპანიასთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.
„უანგარო მსახურება“, – ასე ჰქვია „ემის“ მფლობელი ჰოლივუდელი ფოტოგრაფის, რეჟისორის, ჯეიმს ჰიგინსონის 90-წუთიან ფილმს, რომელიც ახალგაზრდა ქართველი ბერების ცხოვრებას ასახავს.
განდეგილი ბერების შესახებ ფილმის გადაღებები პატრიარქისა და მეუფე იობის კურთხევით, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ძამის ხეობაში მიმდინარეობდა. რეჟისორი ფილმის პრესტიჟულ ფესტივალებზე გატანას გეგმავს, რამდენიმე ჯილდოსაც ელის.
გადაღებები 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან ფილმზე მუშაობის პარალელურად, დაფინანსების მოპოვებაზეც თავად ზრუნავდა. „უანგარო მსახურების“ ნახვა ქართველ მაყურებელს ჯერ მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით შეუძლია. მისი ჩამოტვირთვა ფასიანია.