პოსტსაბჭოთა თბილისში საცხოვრებელი კორპუსების მასიური მშენებლობა, დაახლოებით, ოცი წლის წინ დაიწყო. სამშენებლო პროექტების სიმრავლემ ქალაქის გამწვანებასა და არქიტექტურულ დაგეგმარებაზე სერიოზული გავლენა იქონია. მეორე მხრივ, კონკურენციის სწრაფმა ზრდამ სერვისის გაუმჯობესების აუცილებლობა მოითხოვა. ადგილმდებარეობის გარდა, ბოლო წლებია, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა გამწვანებაზე, ეკოლოგიურობაზე, ეზოზე და ა.შ. განაშენიანების პარალელურად, ურბანული განვითარების ხელშეწყობა აუცილებელ პირობად მიაჩნია urban.ge-ს თანადამფუძნებელს, სოფიო ფურცელაძეს, რომელიც კომფორტული სახლის ძიებამ საკუთარი სამშენებლო პროექტის შექმნამდე მიიყვანა. პროექტის კომფორტული კონცეფცია სრულყოფილ განათებას, დაგეგმარებასა და გარემონტებასთან ერთად, ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს. ამ დროისთვის, კომპანია ლისის ტბის მიდამოებში, ქალაქის ცენტრთან ახლოს საცხოვრებელი უბნის განაშენიანებაზე მუშაობს. “ჩვენ გვჯერა, რომ გამწვანება და ეკოლოგია არ შეიძლება იყოს სოციალური პასუხისმგებლობა, ეს მკაცრი ვალდებულებაა”, – ამბობს ის და იმედოვნებს, რომ ბევრისთვის შეძლებს სასურველი საცხოვრებელი გარემოს შექმნას. დეტალებზე სოფიო ფურცელაძეს ვესაუბრეთ.
- მოკლედ გვიამბეთ თქვენზე, რას საქმიანობდით, სანამ სამშენებლო პროექტებით დაკავდებოდით?
- მილენიალი ვარ. თითქმის ყველა ეტაპი: პურის ტალონებიდან დაწყებული, „კერასინკაზე” გამშრალი თმით დამთავრებული, ჩემს ქვეყანასთან ერთად გავიარე. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ყველაფერი აქ, ამ ქვეყანაში გამოსცადა და რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ზუსტად იცის, რა არის საყოფაცხოვრებო დისკომფორტი.
3 შვილი მყავს. კვირაში 7 დღეს ვმუშაობდი, დღეში, სულ ცოტა, 10 საათს და მაინც, 7 წელი ქირით ვცხოვრობდი. ზუსტად ვიცი, რა შეგრძნებაა, როდესაც საკუთარი ჭერი არ გაქვს, როდესაც ვერ უზრუნველყოფ შენი შვილების სწორი განვითარებისთვის აუცილებელ სივრცეს, დილის მზეც სხვანაირად შემოდის შენს საძინებელში და შენი საყვარელი ყავაც ისეთი გემოსი არასოდეს არის იმ სახლში, რომელიც შენი არ არის. ეს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია. თუმცა ჩემთვის დიდ გამოწვევადაც იქცა.
- როგორ მოხვდით სამშენებლო სფეროში?
- ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა და მაშინდელ საქართველოში საუკეთესო განათლების შესაძლებლობა მომეცა – ESM თბილისის სტუდენტი გავხდი. მარკეტერობა მინდოდა და გულმოდგინედ ვმუშაობდი ამ სფეროში, ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა, როცა ქალაქის ერთ–ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული რგოლის ჩამოყალიბება და მართვა შემომთავაზეს. ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო, ვინაიდან მშენებლობის ძირითადი ინტერესი მოდიოდა ისტორიული რეგულირების ზონაზე და ჩემი პირველადი მოვალეობა ისტორიული ძეგლების შენარჩუნება და ამასთან ინვესტიციების ხელშეწყობა იყო.
გამოცდილება არ მქონდა, არც სპეციალური განათლება და მაინც, გაცოცხლებული თბილისის ნახვის სურვილმა ყველაფერს სძლია და განსაკუთრებულად მოტივირებულ გუნდთან ერთად, შევქმენით ის პლატფორმა, რომელიც დღესაც ძალიან მნიშნელოვანი რგოლია ქალაქის უძრავი ქონების მიზანმიმართულ განვითარებაში. ამ პროცესში ჩამოყალიბდა უპირობო სიყვარული ჩემსა და ურბანულ ქსოვილს, ხარაჩოს, ბეტონსა და ნახაზებს შორის და მას შემდეგ, ასე გრძელდება.
- რა გახდა ამ საქმის დაწყების საფუძველი?
- ჩემთვის შესაფერისი ბინის ძებნას ძალიან დიდხანს ვცდილობდი. მშენებლობაში გამოცდილებით სხვანაირად აფასებ ყველა დეტალს და როგორც მარტო მცხოვრები, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი ქალი, ფინანსურ და დროით შესაძლებლობასაც ლიმიტებს უწესებ.
ძიების პროცესმა ცალსახად დამანახა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემ მსგავსად, დისკომფორტს ძალიან ბევრი ადამიანი განიცდიდა და ზოგ შემთხვევაში, ისეთ კომპრომისებზე მიდიოდნენ, როგორიც არის, მაგალითად, უფანჯრო საძინებელი, საცხოვრებელი სახლი ეზოს გარეშე და სხვა…
- მოკლედ მიმოვიხილოთ, რას წარმოადგენს urban.ge ახლა, რა პროექტები გაქვთ უკვე განხორციელებული?
- urban.ge დეველოპერული კომპანიაა საკუთარი სამშენებლო მიმართულებით, რომელიც თვლის, რომ ხედავს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორებს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით გეგმავს და ავითარებს პროექტებს.
ჩვენმა ცხოვრებისეულმა და სამუშაო გამოცდილებამ ძალიან მკაფიოდ, თავისთავად ჩამოაყალიბა ჩვენი პირველი სამშენებლო ხაზის „კომფორტი” კონცეფცია, რომელიც სრულყოფილად განათებული, ოპტიმალურად დაგეგმილი, სრულად გარემონტებული კომფორტული საბინაო ფონდის შექმნას გულისხმობს, ხელმისაწვდომ ფასად.
გადახდის ყველაზე მოქნილი პირობებითა და დაბალანსებული ფასებით, 3 წლის განმავლობაში, urban.ge–მ „ისანი კომფორტში“ უკვე 120-ზე მეტი ოჯახისა და მათ შორის, ჩემი „კომფორტიც“ შექმნა. „კომფორტმა“ დიდი მოლოდინი შექმნა.
- დღესდღეობით, ბაზარზე არაერთი სამშენებლო კომპანია ოპერირებს, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
- საქართველოს დიდი ქალაქები სამშენებლო ციებ-ცხელებამ დიდი ხანია მოიცვა. მოკლევადიანი მიზნების მქონე მშენებლობის ძალიან მძიმე კვალი ჩვენს ქალაქსაც დაეტყო. უკვე სტერეოტიპულად ქცეული „ცუდი მშენებლების“ ბაზარზე შემოსვლა ძალიან სახიფათოც კი იყო, როცა იმის ამბიცია გაქვს, რომ შენი პროექტები Love Mark-ად იქცეს.
ჩვენ, უბრალოდ, დიდ შრომასთან ერთად, საქმისადმი გულწრფელი სიყვარული დავუდეთ საფუძვლად, იმას, რასაც ვაკეთებთ. გვჯერა, შესაძლებელია აკეთო დეველოპერული ბიზნესი ისე, რომ ხელი შეუწყო ქალაქის სწორ განვითარებას.
- გვიამბეთ urban.ge-ის ახალ პროექტზე…
- ბინა, სახლი და კომფორტის ცნება ყველასთვის ინდივიდუალურია. ზოგისთვის ეს აივანია, ზოგისთვის იზოლირებული სამზარეულო, ზოგისთვის შეიძლება დიდი ვიტრაჟი იყოს, ზოგისთვის დაგმანული დარაბები, ზოგმა შესაძლოა კომფორტი დიდ სამეზობლოში იპოვოს და ვიღაცისთვის სრული კომფორტი და ჰარმონია საკუთარი ეზოს მოვლაში, ამ ეზოში შეკრებილი ოჯახისა და მეგობრების დღესასწაულში ნახოს.
ბავშვობიდან მაბედნიერებდა იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღესაც, ახალ წელს, ჩემი სახლის ფასადი გაანათებდა ყველაზე თბილად, საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული. ჩემს საკუთარ ეზოში დავდგამდი მარხილში ჩაბმულ მანათობელ ირმებს და საკუთარი სახლის შესასვლელ კარში დავკიდებდი უზარმაზარ „გირლიანდას” წითელი ბურთებითა და ოქროსფერი ბაფთებით, აი ისეთებს, ამერიკულ ფილმებში რომ ვხედავდით და თვალები და გონება ერთნაირად რომ გვიბრჭყვიალებდა. ეს ემოცია ტრიალებდა ჩვენთანაც, როდესაც ახალ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა.
urban.ge–ის ახალი პროექტი „მიდამო ლისზე” განსხვავებული სტანდარტის კომფორტია. საკუთარი კარ-მიდამოთი შთაგონებული, ლისის ტბის რეკრეაციულ ზონასთან 3 წუთის სავალზე, მხოლოდ 14 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, პატარა საკუთარი გამწვანებული ეზოთი მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც საკუთარი სახლი და ეზო კომფორტული ცხოვრებისთვის ძალიან მნიშნელოვანია და მზად არის დათმოს ქალაქის ცენტრში ცხოვრება, თან ისე, რომ არ მოწყდეს ცხოვრების ურბანულ რიტმს.
“მიდამო ლისზე” არ არის სახლი 9 საძინებლით, ოთხი სართული დახვეული კიბითა და ორმეტრიანი ბეტონის გალავნით. ეს ყველაზე ოპტიმალურად დაგეგმარებული საცხოვრებელი სახლია, სადაც სამი საძინებელი 2 აბაზანა, საგარდერობო, სამრეცხაო და სამზარეულოს იზოლირების შესაძლებლობაც გათვალისწინებულია.
ძალიან მალე, გაზაფხულის ბოლოს, ყველა საკუთარ ეზოში, ფრანით მორბენალი ბავშვები ირბენენ და ალუბლის ყვავილობასთან ერთად, 14 ოჯახის უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება დაიწყება.