კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენთა ნაწილი დაკითხვიდან გამოვიდა
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენთა ნაწილმა შსს დატოვა.
მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. შენობის წინ შეკრებილი მხარდამჭერები სპორტსმენებს ოვაციებით შეხვდნენ. ადვოკატის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე სპორტსმენის დაკითხვა შსს-ში კვლავ გრძელდება.
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები 24 მაისს, საღამოს, ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობასთან საკუთარი სურვილით მოვიდნენ.
შესაბამისი შინაარსის კომენტარი მათ ჟურნალისტებთან გააკეთეს.
ერთ-ერთი სპორტსმენის ლადო გეგეშიძის განცხადებით, მან მოისმინა შს მინისტრის განცხადება და გადაწყვიტა, მისულიყო დაკითხვაზე, რათა გამოძიებას კორცხელის ინციდენტზე სრული სიმართლის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია.
მისი თქმით, მას და მის მეგობრებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და თავს იცავდნენ იმ პროვოკაციებისგან, რაც მოდიოდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან და უშუალოდ, ნიკა მელიას.
კერძოდ, ასევე სპორტსმენ კობა ტყეშელაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ნიკა მელიამ ზონდერები უწოდა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული და მათ დაზიანებებიც მიაყენეს.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სპორტსმენები თავის სურვილით მივიდნენ უწყებასთან.
შეგახსენებთ, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.
"პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.