აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აშშ-ის სახელით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.
„პრეზიდენტ ობამას და ამერიკელი ხალხის სახელით, ვულოცავ საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-ისა და საქართველოს 25-წლიან მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც წამყვან მაგალითს დემოკრატიული პროგრესის კუთხით რეგიონში - ეს მიღწევა მით უფრო შესამჩნევია, რომ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია.
აშშ უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ისევე როგორც მის სწრაფვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს თავგანწირვასა და თანამშრომლობას ავღანეთში, ამ ქვეყნის ხალხისა და რეგიონის უკეთესი მომავლის მხარდასაჭერად.
ვულოცავ ქართველ ხალხს ამ საამაყო დღეს და მოუთმენლად ველოდები პარტნირობის შემდგომ გაღრმავებას უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოსთან", - ნათქვამია ჯონ კერის განცხადებაში.