სექტემბრიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებს ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შეამოწმებენ. მიმდინარე წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექცია ყველა ტიპის კომპანიას შეამოწმებს. შესაბამის ცვლილებას საქართველოს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.
როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შემოწმება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განხორციელდება.
„სიახლეები, რაც კანონმა შემოგვთავაზა რამდენიმეა, თუ აქამდე ინსპექციის მანდატი მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიებზე ვრცელდებოდა, 1 სექტემბრიდან ეს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება. ასევე თუ გარკვეული დათქმები არსებობდა ვადებთან დაკავშირებით, ახალი რედაქციის მიხედვით ეს დათქმებიც გაუქმებულია“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე ინფორმაციით, დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება და გაიზრდება შრომის ინსპექტორების რაოდენობაც.
ფერაძის თქმით, შრომის ინსპექცია წარმოდგენილი იქნება რეგიონალური მასშტაბითაც.
„შევიძინეთ სამხრე კამერები, ასევე ვმუშაობთ სოფთის პროგრამაზე, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკავშირებს ინსპექტირების პროცესს ცენტრალურ ბაზასთან, იმისთვის, რომ მოხდეს გამჭვირვალე პროცესის ჩამოყალობება. ასევე ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო ბორდი, რომელის წინაშეც შრომის ინსპექცია იქნება ანგარიშალდებული“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.