logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება
- +

25 მაისი. 2016. 12:12


 

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, მეგობრებო!


არც კი ვიცი, გამჭირვებია თუ არა როდისმე სიტყვის მომზადება ისე, როგორც ამ შემთხვევაში. როგორ ჩავატიო რამდენიმე წუთში მასპინძლის სასიამოვნო მოვალეობა - მოუყვეს ასეთ განათლებულ სტუმრებს იმის შესახებ, თუ სად ბრძანდებიან ისინი და როგორ მოვახერხო ამის მსოფლიო კონტექსტში ჩასმა? და როდესაც აღვწერ იმ საშინელებას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, როგორ შევინარჩუნოთ დადებითი და მხნე განწყობა? სად გავავლო ხაზი აკადემიურ თხრობასა და კონკრეტულ მოვლენათა აღწერას შორის, როგორ დავგმო შეურაცხყოფის გარეშე? როგორ ვუთხრა მწარე სიმართლე მეგობრებსა და პარტნიორებს მათი მტრად ქცევის გარეშე? ვის მივმართო? ჩემს საყვარელ თანამემამულეებს, ძვირფას სტუმრებს თუ იმათ, ვინც ამ დარბაზში არ სხედან, მაგრამ ძალიან ყურადღებით უსმენენ ამ კონგრესს. ამიტომ, ჩვენო უსაყვარლესო პატრიარქო და ჩვენო ძვირფასო აუდიტორიავ, გთხოვთ, მკაცრად არ განსაჯოთ ეს ჩემი ურთულესი სათქმელი. როგორც მასპინძელი, მოვალე ვარ, მოვახსენო ჩვენს უცხოელ სტუმრებს თანამედროვე საქართველოზე, მის გაჭირვებათა და წარმატებათა, საფრთხეთა და ოცნებათა შესახებ. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება გავერკვეთ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ოჯახურ საკითხებში. იქნებ ამ თხრობის დროს აუდიტორიის უცხოელმა ნაწილმა დაინახოს პარალელები საკუთარ ქვეყნებთან და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები საკუთარ სინამდვილესთან მიმართებაში.


ჩვენი უძველესი ერი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა, უნიკალური და თვითმყოფადი, უიშვიათესი კულტურის, ენის, ანბანის, პოლიფონიისა და ქორეოგრაფიის პატრონი, პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი ეთნოსი, რომელიც, მეცნიერთა აზრით, აქ ცხოვრობს 6000 წელია მაინც, კვლავ არის გახლეჩილი ზესახელმწიფოთა დაპირისპირების გამო, იქნებ არც ჩვენი შეცდომების გარეშე.

 

ჩვენ გმასპინძლობთ თქვენ ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში, მაგრამ როგორც ნახავთ, თქვენი ვიზიტის განმავლობაში ვერავითარი გაჭირვება ვერ გვაიძულებს ჩვენ, ქართველებს ან გეორგიანებს - როგორც თქვენ გვეძახით, დავკარგოთ ჩვენთვის დამახასიათებელი სიმხნევე სტუმართმოყვარეობა და სტუმრის პატივისცემა. ჩვენ, ქართველებს, გვჯერა, რომ როდესაც ღმერთმა სხვადასხვა ხალხებს დაურიგა მიწა, ჩვენ იქ დაგვიანებით მივედით, როგორც ყოველთვის და ვთხოვეთ ღმერთის პატიება, რადგან დაგვაგვიანდა სტუმართა მასპინძლობის გამო. ამის მიუხედავად, ჩვენ შევევედრეთ უფალს, ჩვენთვისაც მოეცა სამშობლო. მოწყალე ღმერთმა შეგვინდო დაგვიანება და გვიბოძა ბოლო კუთხე, რომელიც თავისთვის შემოენახა. ასე აღმოვჩნდით ჩვენ ამ დიდებულ სამოთხეში, რომელსაც საქართველო ჰქვია. და ამიტომაცაა, რომ ყველა დროში ყველა ზესახელმწიფოს სურდა ჩვენი დაპყრობა.


ჩვენი ისტორია არაფერია, თუ არა ბრძოლა ქართველობის შენარჩუნებისა სხვადასხვა აღმატებული ძალის წინაშე. თითოეული მათგანი - ერთიმეორეზე თავხედი, ჩვენთვის წინამორბედი ძალისაგან გათავისუფლების შემპირებელი, თითოეული მათგანი დარწმუნებული საკუთარი ფასეულობების მარადიულობაში. ამრიგად, ეს ეპოქა არ არის ჩვენი თვითგადარჩენის პირველი ეპოქა. თანამედროვე დასავლური იმპერიის ბრძოლა რუსულ იმპერიასთან სრულიადაც არ არის ჩვენთვის ახალი მდგომარეობა. ათასობით წლის განმავლობაში საქართველოში ერთმანეთს ებრძოდნენ ანტიკური ელადა და პართია, მაზდეანური სპარსეთი და საბერძნეთი, შიიტური ირანი და ბიზანტიის იმპერია, არაბული ხალიფატები და საამიროები და მონღოლური სახანოები, ოსმალეთ და ცარიზმი, კომუნისტები და კაპიტალისტები და ა.შ. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს უძველესი დამოუკიდებლობის აღდგენის მეოთხედ საუკუნეს და მის გათავისუფლებას კომუნიზმისაგან. იქნებ მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სურვილი საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენისა არასოდეს ყოფილა რუსოფობიური. რუს ხალხთან ერთად ჩვენ გავუძელით, თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი, ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან, ხოლო მანამდე ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განადგურებისაგან გადარჩენაში. თუმცა, მან ეს მოახდინა ჩვენთვის მიუღებელი ფასის ხარჯზე, საქართველოს სამეფოსა და ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად. და ჩვენ სურვილი - აღგვედგინა საქართველოს დამოუკიდებლობა - ყოველთვის გახლდათ ურყევი, დაფუძნებული მტკიცე ცოდნაზე იმისა, რომ ჩვენი სიღრმის, კულტურისა და ისტორიის ერი ვერასოდეს იქნებოდა ბოლომდე ჯანმრთელი და ვერასოდეს განახორციელებდა საკუთარ სრულ შესაძლებლობებს სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნის პირობებში.


ჩვენი გმირთა თაობები იბრძოდნენ და სწირავდნენ საკუთარ სიცოცხლეს ამ წმინდა მიზანს. ჩვენს თაობას ერგო პატივი, ყოფილიყო უკანასკნელი და თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ სიძნელეები და საშინელება რომელიც თავს დაატყდა ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობებს, იყო შეუდარებლად უფრო მძიმე, ვიდრე ჩვენი, ჩვენც მოგვიწია ჩვენი წილი საქართველოს დაცვამ. 27 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის ღამეს აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში საბჭოთა ჯარისკაცებმა დაარბიეს მშვიდობიანი, ჩვენი დამოუკიდებლობის მხარდამჭერი დემონსტრაცია ქვეყნის მთავარ, რუსთაველის გამზირზე. უიარაღო მოქალაქეები დახოცეს ალესილი მესანგრის ნიჩბებით, ტყვიებით, ქიმიური გაზით, მძიმე ხელკეტებით, ელექტროშოკით. დაიღუპა 19 ადამიანი, აქედან 16 ქალი, ასობით მოქალაქე დაიჭრა მძიმედ. მსოფლიო შეძრა ამ მოვლენამ, თუმცა, სულ მალე პეკინის ტიანანმენის მოედნის ტრაგიკულმა მოვლენებმა ყველას დაავიწყა თბილისის ტრაგედია.

 

ბევრი ჩვენგანი მაშინ იმედოვნებდა, რომ ეს სისხლიანი ტრაგედია იქნებოდა ერთგვარი ბოლო თავი დამოუკიდებლობისათვის ჩვენს მრავალწლიან ბრძოლაში. რას ვიფიქრებდით, რომ, სამწუხაროდ, იგი სინამდვილეში აღმოჩნდებოდა წინასიტყვა მრავალი მომდევნო ტრაგედიისა და უბედურებისათვის. სამოქალაქო ომები, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია, ტერიტორიის 20%-ის დროებით დაკარგვა, ყოველი მე-8 ჩვენი მოქალაქე, ქცეული ეთნიკური გენოციდის მსხვერპლად და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილი და ამის შემდგომ ეგრეთწოდებული 2003 წლის ვარდების რევოლუცია, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ტერორი დაატეხა თავს ჩვენს მოსახლეობას.


როდესაც თავისუფლების მოსურნე საქართველო უცქერდა დასავლეთს იმედით, იგი დასავლურ კულტურას მიიჩნევდა მოქალაქეების, მათი სიტყვის, მათი აღმსარებლობის და კერძო საკუთრების თავისუფლების შუქურად. და რაოდენ გულის გამაცრუებელი აღმოჩნდა ეს მოლოდინი ჯერჯერობით! ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ დასავლეთისაგან დასპონსორებული 2003 წლის ვარდების რევოლუციის პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ციხეში ჩასვა 330 000 ადამიანზე მეტი, მისცა მათ გამამართლებელი განაჩენების გამაოგნებელი 0,1% თავის სასამართლო სისტემაში. ჩვენი ზომის ქვეყნისათვის ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 7,5% მეტი მოხვდა ციხეში ამ 9 წლის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ ეთნიკური ქართველების 10%-ზე მეტმა გაიარა სატუსაღო, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ასაკის ქართველი მამაკაცების 35%-ზე მეტი მოხვდა ციხეში ბატონი სააკაშვილისა და მისი ამალის წყალობით. და როდესაც საქართველოში ერთდროულ პატიმართა რიცხვმა მიაღწია 31 ათასს, ჩვენმა ქვეყანამ ციხეში მჯდომი მოსახლეობის პროცენტის რეიტინგში გადაინაცვლა მეექვსე ათეულიდან მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერის, აშშ-ის გვერდით.


თქვენ გსურთ, რომ ჩვენ ვისაუბროთ საქართველოში ოჯახურ მდგომარეობაზე? აკი მოგახსენეთ: თითქმის არცერთი ოჯახი არ დარჩა საქართველოში, ვისაც ეს რეჟიმი არ შეეხო. კერძო საკუთრების თავისუფლების ნაცვლად, ნახსენებ 9-წლიან პერიოდში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დარბეულ და ჩამორთმეულ იქნა 9,940 ბიზნესი, მოხდა მისი მფლობელების მასობრივი დაპატიმრება, მათ დაკარგეს საკუთარი აქციები, შენობები, მიწები, ნაღდი ფული, ქარხნები, ავტომობილები და გათავისუფლებულ იქნენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დათმეს საკუთარი ქონება სახელმწიფოს ან მის მიერ მითითებული ფავორიტი ოლიგარქების სასარგებლოდ. თქვენ გსურთ, რომ ჩვენ ვისაუბროთ საქართველოში ოჯახურ მდგომარეობაზე? აკი მოგახსენეთ: თითქმის ვერცერთი საქმოსნის ოჯახი ვერ გადაურჩა ამას. რელიგიის თავისუფლების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ გამუდმებული და შეუქცევადი შეურაცხყოფა და შეტევები ჩვენს ისედაც გაწამებულ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, მის პატრიარქზე, მის სამღვდელოებაზე, მის ქადაგებაზე, მის მრევლზე. შეტევები, რომლებიც იგეგმება და ხორციელდება ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომლებიც დააფუძნა და რომლებსაც აფინანსებს დასავლეთი ამ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში. არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც პროპაგანდისა და დასაქმების მეშვეობით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია განათლებისა და დასაქმების ალტერნატიული წყაროები და რომელიც 30 ვერცხლის სანაცვლოდ იზრდება ანტიტრადიციული ცინიზმის სულში და ილუზორული თავისუფლების ყალბ დაპირებაში.


თქვენ გსურთ, რომ ჩვენ ვისაუბროთ საქართველოში ოჯახურ მდგომარეობაზე? აკი მოგახსენეთ: არცერთი ქრისტიანული ოჯახი არ დარჩა საქართველოში ამ სისტემისგან შეურაცხყოფის გარეშე. სიტყვის თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა ჩვენს ტელევიზიასა და პრესაში, ასეთივე დიქტატურის მცდელობა ჩვენს საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და ორგანოებში. ლიბერალებისა, რომელთა მთავარი მიზანი არის ერთმანეთის გამრავლება საკუთარ რიგებში და სხვათა კლანური პრინციპით დისკრიმინაცია, გამუდმებული უსირცხვილობისა და გარყვნილების ჩვენება და ტრადიციული ქართველი საზოგადოების ხმის სასტიკად იგნორირება, ჩაგვრა, დაცინვა და დემონიზება.


თქვენ გსურთ, რომ ჩვენ ვისაუბროთ საქართველოში ოჯახურ მდგომარეობაზე? აკი მოგახსენეთ: არცერთი ოჯახი, არცერთი მაყურებელი ან მკითხველი, ზრდასრული თუ ბავშვი, არ დარჩენილა ამ სისტემასთან შეხების გარეშე. ვარდების რევოლუციის ტერორისა და, სამწუხაროდ, მისი სრული დასავლური მხარდაჭერის მიუხედავად, ჩვენი ხალხი მას დაუპირისპირდა მშვიდობიანი, დემოკრატიული საშუალებებით. აი, რა უქნეს რევოლუციურმა ძალებმა ჩვენს ხალხს 2007 წლის 7 ნოემბერს, გთხოვთ, შეხედეთ ამ სურათებს და აი რა უქნეს მათვე ჩვენს ხალხს 2011 წლის 265 მაისს იმავე რუსთაველის გაემზირზე, ოღონდ ეს აღარ იყო წითელი არმია, ეს უკვე იყო დასავლეთის მიერ დასპონსორებული ქართული ლიბერალიზმი. ემ სისხლში ჩახრჩობის შემდეგ მეორე დილას სააკაშვილმა გაარეცხვინა გამზირი სისხლისაგან და იქვე უმასპინძლა სამხედრო აღლუმს, სანამ ორი მოკლულის გვამი ახლომდებარე მაღაზიის სახურავზე გადაემალათ მკვლელებს. ყველა დასავლელი ელჩი იდგა სააკაშვილის გვერდით და არცერთ მათგანს არ უთქვამს პროტესტის არცერთი სიტყვა. ორი წლის შემდეგ დასავლეთმა მხარი დაუჭირა ანტიტრადიციული ფასეულობების პროპაგანდის კიდევ ერთ მცდელობას საქართველოში, იმავე გამზირზე. და როდესაც ჩვენი საზოგადოება დაუპირისპირდა ამ მცდელობას და გაყარა უსირცხვილო პროპაგანდისტები გამზირიდან (მადლობა ღმერთს მათი მხრიდან მსხვერპლის გარეშე), დასავლელი ელჩების იგივე გუნდი ერთხმად აყრიდა, შეშფოთებული იმით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ მიიღო შემოთავაზებული უსირცხვილობის აღლუმი. რა დასკვნები უნდა გააკეთოს ჩვენმა საზოგადოებამ ამ არადიპლომატიური თავდასხმების შესახებ?


როდესაც ქართველებს ასახიჩრებენ და ხოცავენ დასავლეთისაგან დასპონსორებული რეჟიმის წარმომადგენლები, ისინი მხარს უჭერენ მეორე დღეს გამარჯვების აღლუმს, ხოლო როდესაც ქართველები ბედავენ, ამოიღონ ხმა შემოთავაზებული უსირცხვილო, ფსევდოფასეულობების, ე.წ. აღლუმის წინააღმდეგ, დასავლეთი აღშფოთებულია. ამ ტერორის მიუხედავად, ქართველებმა გააგრძელეს ბრძოლა სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და დასავლეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლეს რეჟიმის შეცვლა 2012 წლის დემოკრატიულ არჩევნებში. ბოლომდე არავის სჯეროდა ამის შესაძლებლობისა და ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა, რომ არა ეს საზიზღარი კადრები - პატიმრების გაუპატიურებისა და ცემისა - რომლებიც გახდა საჯაროდ ცნობილი არჩევნების წინ და რომლებმაც გახადა შეუძლებელი არჩევნების შედეგების დასავლეთის მხარდაჭერით ფალსიფიკაცია.


ახლად არჩეულმა მთავრობამ კანონიერად გაასამართლა სააკაშვილი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიქცა. მაგრამ ნაცვლად მისი გადმოცემისა ჩვენს ხელისუფლებაზე, მისმა სპონსორებმა ის გადასვეს კიდევ ერთ რევოლუციაში მონაწილეობისათვის, ამჯერად, როგორც გუბერნატორი, ამჯერად ომისაგან გაგლეჯილ საწყალ უკრაინაში. ამ მიზნით მან, როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უარი თქვა საკუთარი მოქალაქეობაზე და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა - უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო პოლიტიკაში. ამასობაში ჩვენი ახალი მთავრობა, როდესაც მას თავს ანებებენ დასავლეთი და მისი არასამთავრობოები, კარგ საქმეებსაც აკეთებს ხოლმე ქვეყნისათვის. როგორც აპოლიტიკური მოქალაქე, მე ვალდებული და მოხარულიც ვარ, ვაღიარო მათი წარმატებები. მოსახლეობასა და ბიზნესზე წინა რეჟიმის მიერ წარმოებული ტერორის შეწყვეტის გარდა, რაც თავისთავად გახლავთ უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისათვის, ახალმა ხელისუფლებამ დანერგა წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, საფლავიდან ააყენა ჩვენი სოფლის მეურნეობა მრავალი სასიკეთო ინიციატივის მეშვეობით, დანერგა შთამბეჭდავი მექანიზმები ბიზნესისა და წარმოების მხარდასაჭერად, მნიშვნელოვნად შემცირდა ელიტარული კორუფცია, რომლითაც სრულიად გამსჭვალული იყო სააკაშვილის რეჟიმის ზედა ეშელონები. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენი ქვეყანა კვლავაც მძიმე შოკის ქვეშ იმყოფება გასული ათწლეულის საშინელების გამო. სამართლიანობის აღდგენის სრული უპერსპექტივობა უკლავს ჩვენს მხნე ერს ოპტიმიზმს, მოსახლეობის უმრავლესობა შეუპყრია დეპრესიასა და ცინიზმს. ამასობაში ჩვენ დასავლეთმა გვასწავლა ახალი ტერმინი „კოჰაბიტაცია", რომელმაც, პრაქტიკულად, აუკრძალა ჩვენი სუვერენული ქვეყნის ახალ ხელისუფლებას წინა პოლიტიკური რეჟიმის კანონიერად გასამართლება. ამის შედეგად ახალმა ხელისუფლებამ შეძლო, კანონის შესაბამისად გაესამართლებინა წინა დანაშაულებრივი რეჟიმის მხოლოდ ორიოდე კრიმინალი, რადგან იგი თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხვდებოდა დასავლეთის მხრიდან გააფთრებულ წინააღმდეგობაა და პიარ შეტევებს. ამის გამო თითქმის ვერცერთმა წინა რეჟიმის მსხვერპლმა მოქალაქემ და საქმოსანმა ვერ შეძლო თავისი კანონიერი უფლებების რეაბილიტაცია და ამრიგად, ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან შეიქმნა მძევლად მუდმივი საფრთხისა, რომ მას მოუწყობენ უკრაინის მსგავს სამხედრო გადატრიალებას და დააბრუნებენ აქ სააკაშვილსა და მის ბანდას, იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელისუფლება არ დაემორჩილება დასავლურ იდეოლოგიას. და ისიც ემორჩილება: ამ საფრთხის გამო ახალმა პარლამენტმა და მთავრობამ მიიღეს კანონები და რეგულაციები, რომლების მიღებასაც წინა რეჟიმიც კი ვერ ბედავდა. ჩენი ბრძოლით გათანგული და გამოფიტული ელექტორატი - მადლობელი ახალი ხელისუფლისა წინა რეჟიმისაგან გადარჩენისათვის - დაბნეული და გაოგნებული უცქერს იმას, რაც ხდება ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, აი, ამის რამდენიმე მაგალითი:


1) ახალმა პარლამენტმა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ვერსია ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონისა, ჩრდილოეთ კორეიის მსგავსი ერთხმად კენჭისყრით და თუ ამ კანონის დასავლური პროტოტიპები ძირითადად ეხებიან მხოლოდ შრომისა და დასაქმების სფეროს, საქართველოში ეს კანონი ყოვლისმომცველია. მის თანახმად ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება მოხვდეს ციხეში და მისი საქმის ლიკვიდაცია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დაიჯერებს, რომ მომჩივანის ე.წ. „დისკრიმინაცია" მოხდა; 2) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჩქარა ე.წ. გენდერული თეორიის საფუძველზე ჩამოყალიბებული სექსუალური განათლების ელემენტების შეტანა ჩვენს სკოლებში ახალი საგნების მეშვეობით, რომლებსაც ის უნიჭოდ ნიღბავს თავის პირველ რედაქციაში ჩვენი საზოგადოების რეაქციის შედეგად, მაგრამ მაინც არ იშლის თავისას; 3) პარლამენტმა შეიმუშავა იუვენალური იუსტიციის ახალი მავნე კანონი, რომელსაც მალე მიიღებენ და რომელიც გაუზრდის უფლებებს სოციალურ მუშაკებს, წაართვან შვილები მშობლებს ისეთ აბსტრაქტულ ფორმულირებებზე დაყრდნობით, როგორებიცაა „ბავშვის ფიზიკური  და ფსიქოლოგიური საჭირობების ვერუზრუნველყოფა", რაც, როგორც მოგეხსენებათ, დიდ გასაქანს აძლევს ამ ფორმულირების ინდივიდუალურ ინტერპრეტაციებს და საზოგადოებას ამყოფებს დაბალანაზღაურებადი სოცმუშაკის  მოწყალების  მძევლად, და კიდევ ერთი დარტყმას აყენებს ჩვენს ქვეყანაში საოჯახო კულტურას; 4) ამავე ახალმა პარლამენტმა უარყო ყველა მცდელობა - აგვეკრძალა ან რამენაირად შეგვეზღუდა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების და აზარტული თამაშების ყველგან მოდებული რეკლამა და პროპაგანდა, რომელიც ასიათასობით ოჯახს აღატაკებს და აუბედურებს. პარლამენტმა ეს გააკეთა შემოსავლების და ამ ვაი-ინდუსტრიაში დასაქმებული 7000 თანამშრომლის ბედზე ე.წ. ზრუნვის ყალბი დროშით; 5) ჩვენ ვერ შევძელით, მიგვეღწია რაიმე საგრძნობი პროგრესისათვის საქართველოში არსებული აბორტების ტრაგიკული სტატისტიკის შესამცირებლად. შედარებისათვის მოგახსენებთ, რომ ჩვენზე ბევრად ევროპულ, ორმოცმილიონიან პოლონეთში კეთდება წელიწადში მხოლოდ 1000 აბორტი და პოლონელი სენატორები და მთავრობა იმასაც გააფთრებით ებრძვიან, ხოლო სამ-ნახევარმილიონიან საქართველოში კეთდება 40-100 ათასი აბორტი, და ამას ჩვენთან არავინ ებრძვის; 6) მთავარი ქართული ტელეარხების უმრავლესობა გაივსო გარყვნილი და ცინიკური ადამიანებით, კიდევ უფრო, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს; 7) მრავალი სხვა ინიციატივა, რომელთა მავნებლობაც გაუგებარია რიგითი მოქალაქისათვის, მაგრამ მტკივნეულად ცნობილია აქ მსხდომი აუდიტორიისათვის, იქნა მოწეული ჩვენს თავს მეტეორიტული წვიმის მსგავსად, იურიდიული და სახელმწიფოებრივი ინიციატივების სახით ჩვენს სოციო-პოლიტიკურ რეალობაში, ასეთებია: 1) მიმდინარე მცდელობები ეგრეთწოდებული მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა; 2) იურიდიული აკრძალვა ახალგაზრდებისა და მშობლების თანხმობის შემთხვევაშიც კი - ადრეულ ქორწინებაზე, ამავდროული სექსუალური გარყვნილებისა და არაერთგულების პროპაგანდის პირობებში მოზარდთა შორის შეუზღუდავი პორნოგრაფიული რეალობის გარემოცვაში; 3) სახელმწიფოს მიერ საკეისრო მშობიარობის დაუფიქრებელი დაფინანსება, რომელიც ზოგიერთი ექიმის პირობებში, მეტი ფულის კეთებისა და საქმის გაადვილების სურვილის გამო, იწვევს მრავალ ჩვენს სამშობიაროში საკეისრო ოპერაციების არანორმალურად მაღალ პროცენტს და ხელოვნურად ამცირებს ქალების მიერ მშობიარობის შესაძლებლობებს.


და სხვა მრავალი მსგავსი ინიციატივა, სამწუხაროდ, გამხდარა ჩვენი ყოველდღიური რეალობა. ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ ვიხოცებით. ყოველ წელს დაახლოებით 50 000 კაცით მეტი კვდება საქართველოში, ვიდრე იბადება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ქვეყანაში დედის საშოში ყოველწლიურად დანით იკვლება 40-დან 100 ათასამდე ბავშვი, ძირითადად ესენი არიან ეთნიკური ქართველები. და ამის კეთებისას, ლიბერალური პროპაგანდის წყალობით, ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ამას სჩადიან ეკონომიკური გასაჭირის გამო. არ კი ესმით ის, რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ამ აუდიტორიაში: რაც უფრო მდიდარია თანამედროვე ქვეყანა, მით ნაკლებ ბავშვს აჩენენ იქ ოჯახები. და ესეც რომ არა, მაშინ რით ავხსნათ ის ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები (ღმერთმა ყველა გაამრავლოს და კარგად ამყოფოს ჩვენთან ერთად) მრავლდებიან იგივე, ან უარეს ეკონომიკურ პირობებში ჩვენსავე ქვეყანაში, სანამ ჩვენ თავს ვიკლავთ. ამის შედეგად, გაერო-ს პროგნოზის შესაბამისად, 2050 წლისათვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შემცირდება 28%-ით, ეს კი ძირითადად მოხდება ეროვნებით ქართველების ხარჯზე, რომელთა რაოდენობაც ამავე პერიოდში განახევრდება.


ჩვენ ულამაზესი და უძველესი ერი ამჟამად კვდება, უფუნქციო, ჯოჯოხეთურად ურბანიზებულ გარემოში, იდიოტური სატელევიზიო შოუების ეკრანების წინ და თან მღერის და ცეკვავს ამ თავისი სიკვდილის წინაშე ათასობით კაზინოს, ღამის კლუბსა და ბარში. ამასობაში ყველა ჩვენი მცდელობა, აღგვედგინა სამართლიანობა დასავლეთთან, რომელიც ჯიუტად განაგრძობს საქართველოში აგრესიული ლიბერალიზმის დაცვისა და მხარდაჭერას, უშედეგოდ მთავრდება. ჩვენ ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ის 330 000 ადამიანი იმსახურებდა ციხეში ჩასმას, რომ ის 10 000 საქმოსანი იყო არამზადა, რომ ჩვენი ეკლესია იმსახურებს შეტევას, რადგან ის თავისუფლების წინააღმდეგია და რომ ჩვენი ხალხი საჭიროებს დემოკრატიის სწავლებას. ამრიგად, ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეგვიძლია განვაცხადოთ - თავისუფლების ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ველოდით დასავლეთიდან, ჩვენ მივიღეთ ციხე, ტერორი, გარყვნილება და უსამართლობა. ამის შემდეგ საქართველოში დასავლური კერპი დაემხო და ეს ასეა, რასაც არ უნდა გეუბნებოდნენ ჩვენი თანამედროვე პოლიტიკოსები და ძირითადი მედიასაშუალებები.


ერმა უკვე  გააკეთა დასკვნები დასავლეთის პოლიტიკის შესახებ და მისი იმიჯი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, სრულიად დამახინჯდა. მე მოგახსენებთ ამას დიდი გულგაცრუებით, როგორც ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც განათლების მისაღებად  გაემგზავრა დასავლეთში ჯერ კიდევ გორბაჩოვის „პერესტროიკის" დროს. ჩვენთვის პატივსაცემი დასავლური კულტურის ჯანმრთელი მხარეები, რომელთა გადმოღებაცა და დანერგვაც ნამდვილად გვჭირდება საქართველოში, სამწუხაროდ, სრულიად დაიჩრდილა ზემოთ ხსენებული უგუნურებით. და ყოველთვის, როდესაც ჩვენში ვინმე ბედავს, ამოიღოს ხმა ზემოთ ხსენებული დასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოში, მას უმალვე ედება ბრალი კრემლის ჯაშუშობაში - დასავლეთისაგან დასპონსორებული ლიბერალი პოლიტიკოსების, მასმედიისა და არასამთავრობოების მხრიდან. ყოველივე ამის შედეგად დასავლეთმა დე ფაქტო უკვე დაკარგა საქართველო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა, იერიში მიეტანა ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებაზე, მის ფესვებზე და მის კულტურულ ქსოვილზე. და სანამ ოფიციალური დასავლეთი განაგრძობს ყოველგვარ შეუნანებლობას საქართველოში თავისი ქმედებების გამო, მისი გავლენის ნარჩენები ემყარება მის ე.წ. მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა რუსული ოკუპაციის პირობებში. ის დღე, როდესაც კრემლი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება ამას და ითავებს შერიგებას თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი დაკარგავს საქართველოს საბოლოოდ. მე ამასაც ვამბობ ნამდვილი სინანულით, რადგან მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მხოლოდ დაბალანსებული და გულწრფელი მეგობრობის პირობებში ამ ორივე ზეძალასთან. ჩვენი მთავარი მიზანი არის საქართველოს გამთლიანება, აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოში რეინტეგრაცია, ჩვენი ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში და მთელი საქართველოს უხვად დასახლება ბედნიერი, ძლიერი ოჯახებით, ყველა იმ ხალხების მიერ, ვინც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ ქართველებთან ერთად, დამოუკიდებლად მათი ეროვნებისა და რელიგიისა. სხვა ყველაფერი კი არის მხოლოდ შესაძლებელი იარაღი ამ მიზნის მისაღწევად. ასე რომ, ნება მიბოძეთ, როგორ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და გაერთიანებული, რუსეთთან და დასავლეთთან მეგობრული, ოჯახსა და ტრადიციაზე დაფუძნებული საქართველოს ერთ-ერთმა პატრიოტმა, მივმართო ამ ტრიბუნიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ნება მიბოძეთ, გავაკეთო ეს არა როგორც მათმა მტერმა, არამედ როგორც მათმა მეგობარმა და გულგაცრუებულმა კრიტიკოსმა:


1) შეწყვიტეთ ეს სიგიჟე ახლავე; 2) აღარ ჩაერიოთ ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში; 3) შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება ასობით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით; 4) მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას განცხადებების გამო იმის შესახებ, რომ, თურმე, ეროვნული ტრადიციები აღარაა მნიშვნელოვანი და რომ, თურმე, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში; 5) ახლავე შეწყვიტეთ ეს კულტურული ომი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, თორემ თქვენ დაკარგავთ არამხოლოდ საქართველოსა და მთელს მსოფლიოს, არამედ თქვენს საკუთარ ქვეყნებსაც.

 

თქვენი პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი იყო მმართველი  იმავე დროს, როდესაც ჩვენი ბოლო დიდი მეფე ერეკლე მეორე. მაგ დრომდე ათასობით წლით ადრე ევროპის მშობლები, ჩვენი ბერძენი ძმები, მიიჩნევდნენ, რომ საქართველოდან სიბრძნის მოტაცება იყო უდიდესი გმირობა: ისინი და არგონავტები ჩამოვიდნენ საქართველოში ოქროს ვერძისა და მედეას მედიცინის მოსატაცებლად. ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც შემდგომში ვინოდ გადაკეთდა მთელი მსოფლიოსათვის. ხორბლის ჯიშების ნაირსახეობა ქართული ხორბლისაგან იღებს სათავეს. მეტალურგია დაიბადა აქ, და დიახ, ჩვენ აღტაცებით შევცქერით თქვენს მოკლევადიან, ორასწლიან წარმატებას და როგორც მარადიულ ერს, გვსურს, ვისწავლოთ ამჯერად თქვენგანაც თქვენი კულტურის ჯანმრთელი მხარეები, ისევე, როგორც ჩვენ გვისწავლია თქვენსაზე ბევრად დიდი კულტურებისგან. მაგრამ გვენდეთ, როდესაც გეუბნებით: ჩვენ ვხედავთ გახრწნის ნათელ ნიშნებს თქვენს სხეულზე, როგორც ეს გვინახავს ბევრ სხვაზე, ვინც აქ მოსულა და აქედან წასულა. და გვერწმუნეთ - თქვენ არადამაჯერებლად გამოიყურებით, როდესაც ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ გვასწავლოთ ზნეობა, რაღაც ახლად მოგონილი ფსევდოუნივერსალური ფასეულობები, და დაგვარიგოთ, თუ როგორ მოვექცეთ ჩვენს ქალებსა და ბავშვებს. და თუ მეგობრობა არ არის თქვენთვის უბრალოდ სიტყვა, ისწავლეთ ასეთი რაღაცები ჩვენგან, რადგანაც თქვენ ისინი აშკარად დაგვიწყებიათ, თუ თქვენ ისინი საერთოდ როდისმე გცოდნიათ. ისწავლეთ ეგენი ჩვენგან, ისევე, როგორც ჩვენ გვსურს, ვისწავლოთ თქვენგან უკეთესი ასფალტის დაგება ჩვენს გზებზე, გადაქციეთ ჩვენი ეს მეგობრობა ორმხრივ ქუჩად და თქვენ გაპატიებენ. გააგრძელეთ მცდელობა ჩვენი ოკუპაციისა თქვენი დატრენინგებული ჯაშუში მაიმუნებით და თქვენ გააგრძელებთ თქვენსავე წარუმატებლობას, შეეცადეთ ჩვენს დაშინებას და არაფერი გამოგივათ. ამის ნაცვლად ეცადეთ, დაიწყოთ სუფთა ფურცლიდან, იყავით ჩვენი ნამდვილი მეგობარი, დაგვეხმარეთ, რათა გარდავქმნათ საქართველო თქვენსა და რუსეთს შორის საბრძოლო პოლიგონიდან, რომელიც იგი ამჟამად, სამწუხაროდ, არის, თქვენსა და მასვე შორის მშვიდობიანი და კულტურული დიალოგის იშვიათ ოაზისად და გახსოვდეთ, საქართველო არის ოჯახი და აღარასოდეს შეეხოთ მას არაფრით, გარდა პატივისცემისა!

 

ლევან ვასაძე

16. 05. 2016 წ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner