„ვითხოვთ მტკიცებულებას, ვითხოვთ ცოტა რეალობის წარმოდგენას მაინც მამუკა ხაზარაძისგან“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წერილის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაძლოა, პარლამენტი სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას დათანხმდებიან.
„ცოტა სერიოზულობა მაინც რომ შეიძინოს საკითხზე მსჯელობამ, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, ამ ადამიანმა უნდა წარმოადგინოს წერილი, რა საშუალებით მიიღო ეს წერილი და არსებობს თუ არა საერთოდ ეს წერილი. ამაზე უნდა გაეცეს პასუხები. ამ შემთხვევაში შეიძლება კიდევ მსჯელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აღმოვჩნდეთ სასაცილო მდგომარეობაში, რომ თურმე წერილი საერთოდ არ არსებობს, ან სხვა წერილზეა საუბარი, რომლის ინტერპრეტაციასაც აკეთებს და ამ შემთხვევაში კომისიამ 3 თვე რა უნდა აკეთოს? თუ იმსჯელოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელზეც თავად „თიბისი ბანკი“ დაეთანხმა? აქედან გამომდინარე, ბუნებრივი ლოგიკაა, რომ ჯერ წერილის შინაარსზე უნდა ისაუბროს ხაზარაძემ, გახადოს წერილი საჯარო საზოგადოებისთვის და ამის შემდეგ სერიოზულობა შეიძინოს ამ საკითხზე მსჯელობამ. ვითხოვთ მტკიცებულებას, ვითხოვთ რეალობის ცოტა მაინც წარმოდგენას მამუკა ხაზარაძისგან. გუშინ, მიუხედავად ჩემი და ჩემი კოლეგების არაერთი კითხვისა, მან უარი განაცხადა წერილის შინაარსის გასაჯაროებაზე, აღარაფერს ვამბობ, თვითონ წერილის წარმოდგენაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.