logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არ იყოს შემოღებული
- +

5 მარტი. 2019. 18:37

 

 

„გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არ იყოს შემოღებული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

 

„დღეს არ დგას არანაირი საფრთხე, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებით არ ვიყოთ. სწრაფად ვრეაგირებთ ყველა იმ წუხილზე, რომელიც მოდის ევროპული დედაქალაქებიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ, ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, არის მუდმივ კომუნიკაციაში. ყველა ორმხრივი ვიზიტი გამოიყენება იმისთვის, რომ ერთობლივად ვისაუბროთ, დავსახოთ სამოქმედო გეგმა.

 

ბოლო სამთავრობო კომისიაზე სწორედ ის გეგმა წარვადგინე, რომელიც გულისხმობს პრევენციული ნაბიჯების გადადგმას. იუსტიციის სამინისტროს აქვს გარკვეული ღონისძიებები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენი საკონსულო დეპარტამენტები იქნებიან ამ პროცესში აქტიურად ჩართული. იცით, რომ შსს მუდმივ კონტაქტზეა პარტნიორებთან ევროკავშირის დედაქალაქებში.

 

კიდევ უფრო გავააქტიურებთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, სადაც გვინდა, არა მარტო საქართველო იყოს ჩართული, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც. ამაზე გვქონდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან საუბარი და მათი მხრიდანაც არის მზაობა. ჩვენ გადავდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არ დაუშვებს, შეჩერების მექანიზმი იყოს შემოღებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner