„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სააკაშვილის მმართველობის პერიოდს იხსენებს.
„მთელი დღეა, შეხვეული ხელით დავდივარ. ამინდი იცვლება და არასწორად შეხორცებული მტევანი გაუსაძლის ტკივილს იწყებს. ეს ხელი სააკაშვილ- ბასიშვილის ზონდერებმა მომტეხეს. 15 ივნისს... პოლიციის სამმართველოსთან სასტიკი დარბევისას. კამერა დამილეწეს. თავში „დუბინკა" მირტყეს. სამყარო ზანზარებდა. ერთმა სპეცრაზმელმა გადამარჩინა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, მაგრამ ყურში მიჩურჩულა,- აფხაზეთის ომში ერთად ვიყავით. მე გამომყევიო და... დიღმის ცენტრალურ პროსპექტზე გამომიყვანა. ეს მოტეხილი ხელი მახსენებს, რა სადისტები მართავდნენ ქვეყანას მთელი 9 წლის მანძილზე. ამ სადიზმს ერქვა და ჰქვია სააკაშვილის რეჟიმი...
არასდროს მითქვამს, რატომ არ მაცვია კაბა. მარტო ცხოვრების მძიმე რიტმის გამო არა. კიდევ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზონდერები დარბევებისას წვივებში გვირტყამდნენ და არა მგონია, ვინმეს მოეწონოს იარებით „შემკული" ფეხების ნახვა. ესაა, ნაცისტებო, თქვენი სახე! მაშინ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი დუმდა. სააკაშვილს უძვრებოდნენ. მერე ღმერთმა ჩემი ხელით ჩამოხადა ნიღაბი ამ ბოროტებას... და შენ... „ქართულო ოცნებავ", დამნაშავეები კი არ დასაჯე, ზოგი ქვეყნიდან გააპარე... ზოგს ჩაეხუტე... და პარტიასთან, რომელსაც დღეს საქმიანობა უნდა ჰქონდეს აკრძალული, კოჰაბიტაცია გამოაცხადე. ეს იყო წყალგამყოფი შენსა და ჩვენს შორის და ახლა სხვადასხვა ნაპირზე ვდგავართ. მე კი, ჩემს სამშობლოს ვერ გავემიჯნები, ამიტომ საქართველოს დასაჯიჯგნად ვერავის დავუტოვებთ. ვერც მგლებს და ვერც ცხვრის ტყავში გადაცმულ ტურებს.
მწარეა სიმართლე. ბოკერია არ უნდა სცემო საარჩევნო უბნის წინ, ბოკერია ვანოს გვერდით უნდა მჯდარიყო 2012 წლის ნოემბრიდან... გადაარჩინეთ. მთავარ ოპოზიციურ ძალად კბილებით ინარჩუნებდით. ლამისაა მტრებად გამოგვაცხადეთ, ვინც კოჰაბიტაცია დავგმეთ... ახლა ბედავთ და ახალ სახეებს უშვებთ არენაზე, რომლებიც მისტირიან „ნიჭიერ მიშას და ცოლის მსხვერპლ ვანოს"... ვაი, საქართველო, ამდენი ყვავ- ყორნის ხელში", - წერს ირმა ინაშვილი.