ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ, რომ საქართველომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას
„ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, მზაობას ვაცხადებთ მომავალ თანამშრომლობაზე, რომ მხარი დავუჭიროთ, საქართველომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენი მხრიდან გავაჟღერეთ არაერთი რჩევა, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა", - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომელიც ვარშავის სამიტზე წამოიჭრება.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმყოფებოდე ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე. დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა ღია საუბარი, არაერთი საკითხი განვიხილეთ, განსაკუთრებით ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც წამოიჭრება ვარშავის სამიტზე. ხაზი გავუსვით თანამშრომლობის დონეს, რადგან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ვისაუბრეთ საქართველოს სამხედრო ძალების მნიშვნელობაზე, ასევე იმ წვრთნებზე, რომელიც საქართველოში ტარდება", - განაცხადა იუზას ოლეკასმა.