logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: თუ ვიღაცას ადამიანური სახე აქვს დაკარგული, ამას ბავშვი არ უნდა შეეწიროს!
- +

25 თებერვალი. 2016. 15:54



საქართველოში „იუვენალური იუსტიცია" შემოდის. კერძოდ, პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ, ოჯახში ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს ენიჭება უფლებამოსილება, არასრულწლოვანი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან.


აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ეწინააღმდეგება. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაიცავს ბავშვს ძალადობისგან, რომ არ მიმართოს უკიდურეს ფორმას - ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან წართმევას, რაც ბავშვისთვის არანაკლებად ტრავმული ზემოქმედებაა.


საკითხზე სასაუბროდ „რეპორტიორი" ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გედევან ფოფხაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია ბავშვის უფლებების დაცვისკენ და თუ ადგილი აქვს ოჯახში ბავშვის კანონიერი უფლებების დარღვევას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ოჯახს ვერ მისცემს დამოუკიდებელი მოქმედების საშუალებას.


„სახელმწიფოს ძირითადი ინტრესი არის ბავშვის ოჯახში განვითარება. ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. ბავშვი რომ სრულფასოვნად გაიზარდოს, ის უნდა იყოს ბიოლოგიურ ოჯახში. სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა სახლებზე არ არის ორიენტირებული და თუ ვინმე ბავშვს აიყვანს და წაიყვანს ოჯახში, ამაში მას სახელმწიფო ხელს შეუწყობს. ბუნებრივია, ბიოლოგიურ ოჯახში გაზრდა ყველაზე სრულფასოვანი პირობაა. არასრულწლოვანის განცალკევება მოძალადე ოჯახის წევრისაგან საჭირო ხდება მაშინ, როცა ბავშვის კანონიერი ინტერესები ხდება საფრთხის წინაშე. თუ მშობელი არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესს, თუ არის რისკი, რომ ბავშვი საერთოდაც შეიძლება შეეწიროს მშობლის გულგრილობას ან ძალადობას, რა ვქნათ, დაველოდოთ, როდის გახდება ბავშვი მშობლის საქციელის მსხვერპლი?! მერე კი ვთქვათ რა ცუდი მშობლები ჰყოლიაო?! რამდენად ხდება ბავშვის კანონიერი უფლებების შეზღუდვა, ეს უნდა შეფასდეს შესაბამისი პირის მიერ", - განაცხადა ფოფხაძემ.


როგორც დეპუტატი განმარტავს, მშობელს ასევე ექნება გასაჩივრების უფლება.


„თუ შემფასებელი არ არის ობიექტური, შესაძლოა, ამ დროს პრობლემასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მშობელს იმის საშუალებაც ექნება, სოციალური მუშაკის ქმედება გაასაჩივროს. ცალმხრივად ხომ არ მოხდება?! თუ ვხედავთ, რომ ბავშვზე ძალადობა ერთჯერადი შემთხვევაა, არავინ წამოიყვანს ბავშვს ოჯახიდან. ასე რომ, წინასწარი შიშები და ვარაუდი, რომ ვინმე უსაფუძვლოდ წამოიყვანს ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვებს, არ უნდა გვქონდეს.

 

არსებობენ ოჯახები, სადაც ბავშვებს აიძულებენ, იმათხოვრონ, არ კვებავენ შესაბამისად, სცემენ და ა.შ. ვიღაც ლოთია, ვიღაც ნარკომანია, ვიღაც შიზოფრენიითაა დაავადებული და უნდა შვილი მათხოვრად აქციოს... თუ ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს არის ოჯახის ავტონომიური საქმე, ბავშვი გააჩინა და მერე როგორც უნდა ისე მოექცეს, არ მგონია, სწორი იყოს", - განაცხადა ფოფხაძემ.


რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვზე ძალადობას მხოლოდ ერთი მშობელი ახდენს? - დეპუტატის განმარტებით, ასეთ დროს მეორე მშობლის უმოქმედობა ნიშნავს იმას, რომ მას ბავშვის დაცვა არ შეუძლია, რაც პრობლემას წარმოადგენს.


„თუ მხოლოდ ერთი მშობელია მოძალადე, რას აკეთებს ამ დროს მეორე მშობელი? თუ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი და მეორე მშობელი ვერ იცავს ამისგან, გამოდის, მეორე მშობლის პრობლემაც არსებობს. მაგალითად, დედა სცემს ბავშვს, ამ დროს მამა ნასვამია და საერთოდ არ აინტერესებს, რა მდგომარეობაშია შვილი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ასევე უნდა იყოს ძალიან მკაცრი შეფასების კრიტერიუმები. თუ ვიღაცას ადამიანური სახე აქვს დაკარგული, ამას ბავშვი არ უნდა შეეწიროს", - განაცხადა დეპუტატმა.


დეპუტატის განცხადებითვე, კანონზე მუშაობისას ასევე სიფრთხილე უნდა იყოს დაცული, რომ ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner