კონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული, - შესაბამის ხელშეკრულებას დღეს საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს" შორის მოეწერა ხელი.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
„დღეიდან საქართველოს ცა არის დაზღვეული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი ჩვენს საჰაერო სივრცეში გადაფრენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობები სრულად დაზღვეულია მესამე პირისთვის და ეს სადაზღვევო პრემია შეადგენს 500 მილიონ დოლარს. ეს არის ერთი მხრივ, ვალდებულება, რაც ჩვენ გვაქვს ევროპის ცასთან შეერთებით, მეორე მხრივ, ეს არის აუცილებელი თვითონ ქვეყნისთვის, რომ რისკები იყოს სრულად მართული. აღნიშნული თანხები დღეს რეალურად ჩადებულია გადამფრენის ტარიფში, შესაბამისად, ეს პრაქტიკულად გადახდილია გადამფრენი კომპანიების მხრიდან", - განუცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„საქაერონავიგაციაში" აცხადებენ, რომ პროექტი უპრეცედენტოა და მას საქართველოს საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. 2016 წლის დასაწყისში გამოცხადდა ღია ტენდერი, სადაც გაიმარჯვა სადაზღვევო კომპანია „უნისონმა".
საჰაერო სივრცის დაზღვევა ითვალისწინებს საჰაერო ნავიგაციის საქმიანობის შედეგად შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევებს მესამე პირთა წინაშე, ანუ თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში კომპანიის ბრალეულობით მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება. საქაერო ნავიგაციის საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების, აფრენა-დაფრენის ზონები და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის მაღალი სიმაღლე.
სადაზღვევო კომპანია „უნისონის" პასუხისმგებლობის ლიმიტი 500 მილიონი აშშ დოლარია.