logo_geo
eng_logo
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე: ეს ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო!
- +

6 მარტი. 2019. 22:34

 

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გია თვალავაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, ჟურნალისტებთან განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიკვლევს მტკიცებულებებს, რომელიც საქმეში არსებობს, მოსამართლე აუცილებლად გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს და გია თვალაძეს უდანაშულოდ სცნობს.

 

თვალავაძე ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ყოფილი უფროსი იყო და მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, მოცემულ საქმეში არ არსებობს არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გია თვალავაძემ ჩაიდინა დანაშაული.

 

„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე წარსდგა სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით და საკუთარი პოზიცია მოახსენა მოსამართლეს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ნამდვილად დადგება მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი. მეც, რა თქმა უნდა, შესავალი სიტყვით წარვსდექი სასამრთლოს წინაშე და მოვახსენე სასამართლოს იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საქმეში. არსებული მტკიცებულებებით შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ეს ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ჩვენ სასამართლოში გამოვიკვლევთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, დავკითხავთ მოწმეებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან სასამართლოს, სასამართლო მივა იმ ერთადერთ, სწორ დასკვნამდე, რომ გია თვალაძის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. მოცემულ საქმეში არ არსებობს არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გია თვალავაძემ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ბრალდება არ ეფუძნება იმ მტკიცებულებებს, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ უტყუარი მტკიცებულებები", - განაცხადა კაკაბაძემ.

 

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, რომელიც გულისხმობს, სამეწარმეო საქმიანობას ნებართვის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება ჯგუფურად, სულ 21 პირი დააკავეს. ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში, უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდსამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად, მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner