logo_geo
eng_logo
საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წელს აღნიშნავს
- +

25 მაისი. 2016. 13:48



26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წელი, განსაკუთრებულად აღინიშნება. 12:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ფასადი ბანერებით გაფორმდება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების ფოტოები;  სასტუმრო მარიოტიდან ოპერისა და ბალეტის თეატრამდე ტროტუარი მოიხატება საზოგადო მოღვაწეთა ცნობილი გამონათქვამებით, ამონარიდებით კონსტიტუციიდან და ჰიმნიდან; განთავსდება ინფორმაციული კონსტრუქციები, ე.წ. პილონები, ქართველ ხელოვანთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა გამოსახულებებით;  ტერიტორიაზე მოეწყობა 3  არტ-კაფე, რომლებშიც განთავსებული იქნება ხელით მოხატული ავეჯი: ფორტეპიანო, მაგიდა, სკამები და სხვა. არტ-კაფეებს მთელი დღის განმავლობაში  ქართველი ხელოვანები ესტუმრებიან.


  • სასტუმრო მარიოტის წინ მოწყობილი იქნება „კაფე-მხატვრობა", სადაც მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ კონსერვატორიის სტუდენტები და ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები. კაფის გარშემო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მოლბერტებზე დახატევენ.


  • რუსთაველის თეატრის მიმდებარედ მოწყობილ „კაფე-თეატრში" მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენენ ასევე, კონსერვატორიის სტუდენტები და ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები. თეატრისა და კინოს მსახიობები წაიკითხავენ ლექსებს, შეასრულებენ სიმღერების პოპურს ქართული ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.


  • ოპერისა და ბალეტის წინ „კაფე-ოპერაში" მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ კონსერვატორიის სტუდენტები, სოლისტები (ფორტეპიანო და სიმებიანი საკრავები), ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები.


თეატრალური უნივერსიტეტის წინ მოწყობილ სცენაზე სტუმრებისთვის კონცერტს გამართავს დავით ევგენიძის ბენდი და ქართული ხმების კვარტეტი;


არტ-სცენაზე (თბილისი მარიოტსა და რუსთაველის თეატრს შორის) წარმოდგენილი იქნება მოხატული ფორტეპიანო, მოეწყობა იმიტირებული „ფოტო-ატელიე", განთავსებული იქნება პანო, ძველებური ფოტოაპარატი,  კოსტიუმები (შლაპები, შარფები, ქოლგები, სცენის მიმდებარედ  ძველებური მანქანები) შესაძლებელი იქნება რეკვიზიტების მორგება და სამახსოვრო ფოტოს გადაღება, რომელიც ადგილზევე დაიბეჭდება.


ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ,  გაიმართება მეჯლისი, ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეების მონაწილეობით. ოპერის აივნიდან უძველესი საოპერო აუდიო ჩანაწერები გაჟღერდება.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, საზეიმო ღონისძიებები, თბილისთან ერთად, გაიმართება 9 თვითმმართველ ქალაქში -  ამბროლაური, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი და ქუთაისი.  კონცერტებში მონაწილეობას ანსამბლები, ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ.


ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ქ. ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner