„რა თქმა უნდა, ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ურთულებს კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაძრან“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის გაჭიანურება მხოლოდ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებს არ უნდა დავუკავშიროთ, რადგან, ზოგადად, კერძო ბიზნესს მანამდეც უჭირდა კერძო სახსრების მოზიდვა.
„ანაკლიის პორტის მასშტაბის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, ძირითადად კეთდება სახელმწიფოს მიერ. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ გვინდა ქვეყნის ეკონომიკა განვავითაროთ კერძო სექტორზე დაფუძნებით და დაყრდნობით, ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა კერძო სექტორისთვის, რომ შეესრულებინა ეს პროექტი.
ჩვენ გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის შესრულება, კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის დაფინანსების მოზიდვა და ეს არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომლებიც მიდის დღეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ის ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ურთულებს კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაძრან, მაგრამ საკუთარი კაპიტალის შეგროვება და ლაპარაკი არის 100 მილიონზე, იყო ამ პროცესის და სირთულეების დაწყებამდეც ძალიან რთული. პროექტის დაფინანსებისთვის კერძო სახსრების მოზიდვა და შეგროვება იყო რთული უკვე რამდენიმე ხნის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების ვადების გაჭიანურებას, ქობულია ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც ინვესტორების მიერ საკუთარი მინიმალური კაპიტალის შეტანა მოხდება, სახელმწიფო საკუთარი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს.
„პროექტში სახელმწიფო ვალდებულებების გაჭიანურება დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ჯერ ის მინიმალური საკუთარი კაპიტალი, რომელიც უნდა იყოს შეტანილი ინვესტორების მიერ, არ არის შეტანილი. ჩვენ დავიწყებთ და შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, როგორც კი დავინახავთ, რომ მინიმალური კერძო კაპიტალი შეგროვდა და როგორც კი დავინახავთ, რომ ჩვენ მივიღეთ საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობა დაფინანსებაზე“, - აცხადებს ქობულია.
ქობულია ასე აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის შესრულების ვადების გადაწევა სახელმწიფოს მხრიდან ექვსი თვით ერთხელ უკვე მოხდა.
„დღესდღეობით არსებობს კითხვა - შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მისცეს გარანტია ტვირთებზე, ეს არ იყო თავიდან ხელშეკრულებაში, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუყურებთ ამ წინადადებას. პრობლემა შეიქმნა იმიტომ, რომ ამ პროექტს ახორციელებს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინვესტორი. ისევ ვიმეორებ, ჩვენ წავედით ამ ნაბიჯზე, რომ კერძო ინვესტორმა შეასრულოს ეს პროექტი იმ მიზეზით, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს სრულიად კერძო სექტორზე დაფუძნებული. ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო გააზრებული სვლა, ჩვენ ვიცოდით, რომ ამასთან დაკავშირებით იქნებოდა განსაზღვრული პრობლემები, რომლებიც ჩვენ დავინახეთ, იმიტომ რომ კერძო სექტორს უჭირს ასეთი პროექტის დაფინანსება“, - აღნიშნავს გიორგი ქობულია.