logo_geo
eng_logo
NATO-სა და საქართველოს დემოკრატიული მომავალი
- +

25 მაისი. 2016. 13:57



„რეპორტიორი" გთავაზობთ ირაკლი მენაღარიშვილის სტატიას:


როგორც ქართველი, მე მივესალმები NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის მოურიდებელ სიტყვებს, რომლებიც 6 მაისს გამოქვეყნდა „Strategic Europe"-ში. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ეთანხმება ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ „დასავლელებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზიები რუსეთის განზრახვასა და მზადყოფნასთან დაკავშირებით, გამოიყენოს უხეში ძალა".


მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ რასმუსენის სტატიაში ვერ ვხედავთ ლოგიკურ დასასრულს. მას შეეძლო აღენიშნა, რომ NATO-ს უკანასკნელი გადაწყვეტილება ჩერნოგორიასთან გაწევრების პროტოკოლის გაფორმებასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ NATO-ში შესვლა არის რეგიონში არასტაბილურობისგან ნაკლებად დაცული დემოკრატიული ქვეყნების დაცვის საუკეთესო გზა. შეიძლებოდა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის, როგორც რეალური საფრთხის წინაშე მდგარი ქვეყნებისთვის,  მსგავსი შეთავაზების გახსენებაც. ასევე შეიძლებოდა იმის აღნიშვნა, რომ ეს შეთავაზება დღემდე შეუსრულებელია.


მართლაც, გაბედავდა კი რუსეთი 2014 წელს ყირიმის ანექსიას, 2008 წელს NATO-ს რომ სათანადო ყურადღება დაეთმო უკრაინის სურვილისთვის ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით? იგივე კითხვა ძალაშია 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრასთან მიმართებაშიც.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გამოწვევა, რომლის წინაშეც პრეზიდენტ პუტინის რუსეთი აყენებს ევროპის მომავალს. საქართველომ და უკრაინამ მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესისხლხორცებული აქვთ დასავლური ღირებულებები. ქართველები და უკრაინელები განასახიერებენ პერსპექტივას, რომ დემოკრატია არ დასრულდება რუსეთსა და დასავლეთს შორის გავლებულ წარმოსახვით ხაზთან.


ევროპის სანდოობა და ღირებულებები უშუალოდ დამოკიდებულია მის მიზანმიმართულებაზე NATO-ში მიღების დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით. საქართველო არის სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ რეგიონში დემოკრატიული ტრანზიციის წარმატების ერთადერთი მაგალითი. საქართველო არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ბოლო ოთხ წელიწადში საქართველომ მოიხვეჭა ისეთი ქვეყნის რეპუტაცია, რომელიც მზად არის ყველა მეზობელთან თანამშრომლობისთის, რუსეთის ჩათვლით. NATO-ს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და სხვებს არაერთხელ მიუციათ უაღრესად დადებითი შეფასება საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ ქმედითი დემოკრატიის განმტკიცებისთვის.


ამ ფაქტის აღიარება გამოიხატა 2014 წლის ივნისში ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში, რომელიც ბრიუსელში დაახასიათეს, როგორც „ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებული პოტენციალის ამოქმედების კონკრეტული გზა". მეორე მხრივ, მიუხედავად საქართველოს დაუღალავი მცდელობებისა, NATO-ს ზოგიერთი წევრი, როგორც ჩანს, არ არის მზად, რომ ალიანსმა იკისროს საქართველოს მომავალისთვის ზრუნვის პასუხისმგებლობის თავისი ნაწილი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით პირობის მიცემიდან რვა წლის შემდეგ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმაც კი არ შესთავაზეს, ანუ NATO-ში შესვლისკენ გადადგმული პირველი მცირე ნაბიჯი.


ეს კი აჩენს გარკვეულ კითხვებს: არის კი NATO დღესაც მზად იმ დემოკრატიული პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც განიხილება, როგორც 1990 წლის შემდეგ ევროპის დასავლური ხედვის საფუძველი? არის თუ არა დღესაც დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება დასავლეთის სტრატეგიის ცენტრში, თუ რუსეთთან დიპლომატიური თანამშრომლობითი ურთიერთობების გადახალისება უკვე იქცა დასავლეთის უმთავრეს მიზნად?


ასევე, განიხილებიან თუ არა დღესაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, როგორც ევროპული პროექტის განუყოფელი ნაწილები? თუ შორეულ კუნჭულში მდებარე სახელმწიფოები, რომელთა დემოკრატიული ოცნებები დაბრკოლებას უქმნის ევროპის უფრო ფართო გეოსტრატეგიულ ინტერესებს რუსეთთან დაკავშირებით?


პასუხებს ამ კითხვებზე არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავლის განსაზღვრაში. როგორც დასავლური საზოგადოების ნაწილი, საქართველო აყვავდება. როგორც შორეული, მეორეხრისხოვანი პარტნიორი, ქვეყანა მუდმივად იქნება რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ. დასავლეთის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული მომავლის მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის სოციალური ქსოვილის დარღვევას, როგორც ამას დღეს აკეთებს.


მე თავს მივაკუთვნებ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაახლოვეს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებთან, მიუხედავად იმ დროს არსებული უზარმაზარი სირთულეებისა. საქართველოს ჯერ წინ ჰქონდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქაოსთან გამკლავება, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა დანერგეს ჩვენს მოქალაქეებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის რწმენა და მოუწოდეს მათ ამ არჩევნის, როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული მიზნის, მხარდაჭერისკენ. დღეს კი NATO-ს მხრიდან საქართველოსთვის შესაძლებლობის მიცემაზე (თუნდაც, წევრობის სამოქმედო გეგმის სახით) კიდევ ერთხელ უარის თქმა დაუდასტურებს რუსეთს, რომ დასავლეთი ყოველთვის მიდის დათმობაზე რუსული წნეხის ტაქტიკის შედეგად.

საქართველოს სურვილია რუსეთთან პრაგმატული და მეგობრული ურთიერთობების დამყარება, მაგრამ დღეს რუსეთს აქვს კაცობრიობის შესახებ განსხვავებული ხედვის ქონის პრეტენზია და მისი მიზანია ახალი ევრაზიული თანამეგობრობის შექმნა, რომელიც არ ასახავს ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს მოქალაქეები ვერ მისცემენ თავს უფლებას, ებარებოდნენ რუსეთსა და ევროპას შორის ბუნდოვან ბუფერულ ზონას.

 

დემოკრატიული სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნით რევიზიონისტი [არსებული მდგომარეობის გადახედვის ინიციატორი] რუსეთი კითხვის ქვეშ აყენებს ამ ქვეყნების მომავალს და, ამავე დროს, საფრთხეს უქმნის პანევროპულ პროექტს. აქ კი ერთადერთი სწორი და ეფექტიანი პასუხი ძევს ამ სახელმწიფოების არჩევნის აქტიურ და მკაფიო მხარდაჭერაში. დადგა დრო, როცა NATO-მ უნდა მიიღოს არაორაზროვანი გადაწყვეტილება.


http://carnegieeurope.eu/strategiceurope/


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner