logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: თავდაცვის მინისტრი უნდა გადააყენონ!
- +

22 თებერვალი. 2016. 16:00


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, მოძრაობა „ეროვნულების" დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან თინა ხიდაშელის გადაყენებას ითხოვს. როგორც ბრეგაძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში განმარტა, თინა ხიდაშელმა თანამდებობა უნდა დატოვოს, მანამ სანამ პროკურატურა საგარეჯოს შუალედური არჩევნების გარშემო ყველა კითხვას არ გასცემს პასუხს:


- მოძრაობა „ეროვნულები" ვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი თინა ხიდაშელი. ჩვენი მოთხოვნა უკავშირდება საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც, ჩვენი მონაცემებით, გაყალბდა. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს გახლავთ შეურაცხყოფა იმ იდეებისა, რომელი იდეებითაც „ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ ვუპირისპირდებოდით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ გააყალბა არჩევნები. ჩვენ დავდეთ პირობა ამომრჩევლების წინაშე, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არჩევნები აღარ გაყალბდებოდა და ეს პირობა წარმატებით შესრულდა საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს. ჩვენდა სამწუხაროდ, საგარეჯოს შუალედურმა არჩევნებმა ანახა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობის სახით თავმოყრილია ძალა, რომელიც მიდის იმ პრინციპების დარღვევისკენ, რასაც სამართლიანი არჩევნები ჰქვია. რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერების მიერ, არჩევნების შესაძლო გაყალბება გახლავთ ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ქმედება. მოვუწოდებ ცესკო-სა და სხვა ორგანოებს, საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების სკრუპულოზური გამოძიება დაიწყონ. გამოძიების დასრულებამდე კი თინათინ ხიდაშელი გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან.


- თანამდებობიდან თქვენს გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უწოდებს.


- ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომლებმაც პირად საუბრებში აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩემს პოზიციას. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის დასაფასებელია მათი მოწოდება, რომ არ დამეტოვებინა თანამდებობა. მაგრამ, ამავე დროს მინდა ვთქვა ერთი რამ, მე ჩემი ნებით არ წავსულვარ თანამდებობიდან, მაიძულეს, დამეტოვებინა პოსტი. მე დამიყენეს ულტიმატუმი, რომ თუ გავჩერდებოდი და აღარ მოვითხოვდი საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფაქტობრივად იკრძალებოდა ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება, ამ შემთხვევაში შემეძლო, გამეგრძელებინა მუშაობა და დამაწინაურებდნენ კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დამეტოვებინა თანამდებობა და თუ ამას საკუთარი ნებით არ გავაკეთებდი, 15-20 წუთში ჩემი გათავისუფლების ბრძანება დაიწერებოდა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს ზნეობასთან, მორალთან და პოლიტიკურ პრინციპებთან თანხვედრაშია და დავტოვე თანამდებობა. ამით ვაჩვენე ჩემს თანამებრძოლებს, რომ მათაც შეუძლიათ ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა, რადგან სკამი და თანამდებობა არაფერს ნიშნავს.


დღეს გამოვდივარ რესპუბლიკური პარტიის კრიტიკით, მაგრამ ეს არ მომდინარეობს პირადი ინტერესებიდან. ჩემი კრიტიკა მომდინარეობს იმ იდეოლოგიის სხვადასხვაობით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელმაც თავი იჩინა რამდენიმე თვის წინ, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელები ჩადგნენ იმ ადამიანთა დამცველების რიგებში, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოიხსენიებდნენ საქართველოს ნომერ პირველ მტრად და მოითხოვდნენ მის დაპატიმრებას. ეს პროცესები დაიწყო მაშინ, ხოლო ლოგიკური დასასრული მოჰყვა დღეს.


- ანუ, შესაძლოა ითქვას, რომ პარლამენტი კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებასთან დაკავშირებით ცვლილებას აღარ შეიტანს?


- პარლამენტარებმა მომცეს პირობა, რომ მიუხედავად ჩემი წასვლისა, ისინი უახლოეს სესიაზე გამოიტანენ ამ საკითხს. ეს იქნება ჩვენი მოსაზრების გამარჯვება და ყველა იმ პარლამენტარს მოვახსენებ დიდ მადლობას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.


- როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს თუ არა პრემიერი თქვენს ინიციატივას თავდაცვის მინისტრის გადაყენების შესახებ?


- ვფიქრობ, პირველ რიგში, თვითონ უმრავლესობა და მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სიმართლე გაირკვეს. ეს არ არის რიგითი საკითხი. არჩევნების ფალსიფიკაცია გახლავთ საკმაოდ მძიმე ტიპის დანაშაული. თავად ქალბატონი ხიდაშელიც უნდა იყოს ამით დაინტერესებული. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სადამკვირვებლო მისიები, უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა. ამ დროს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში დაიწყებოდა ამ საკითხის განხილვა და მიღებული იქნებოდა სათანადო გადაწყვეტილებები.


შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გამოიძიონ საქმე და დადონ დასკვნა. თუკი გამართლდება ქალბატონი ხიდაშელი, მას შეუძლია ამის შემდეგ გააგრძელოს მუშაობა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. მაგრამ, თუკი ქალბატონი ხიდაშელი გამტყუნდება, რა თქმა უნდა, მას არანაირი უფლება აღარ ექნება, რომ იყოს საქართველოს მთავრობის წევრი. სწორედ ამიტომ, ვამბობ, რომ გამოძიების დასრულებამდე თავდაცვის მინისტრი უნდა გადააყენონ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner