2007 წლის 20 მაისს შუაგულ თბილისში, მელიქიშვილის გამზირისა და შანიძის ქუჩის კვეთასთან, დაახლოებით 20 საათსა და 15 წუთზე სააკაშვილის კვაზიფაშისტურმა რეჟიმმა სიცოცხლეს გამოასალმა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ერის დიდი მოჭირნახულე, მეცნიერი, მწერალი და პუბლიცისტი, აკადემიკოსი გურამ შარაძე.
ბატონ გურამს დღისით, მზისით, აუარება ხალხის თვალწინ სამი ტყვია დაახალეს. პირველივე ტყვია, რომელიც მას უკნიდან მიპარულმა მკვლელმა კეფაში ესროლა, სასიკვდილო აღმოჩნდა და მოცელილი ბალახივით გააკრა ასფალტს, თუმცა, სააკაშვილის სიკვდილის მანქანა ერთ ტყვიაზე არ გაჩერებულა და უკვე გარდაცვლილ აკადემიკოსს საფეთქელში კიდევ ორი ტყვია დააწიეს. ეს უკვე ე.წ. საკონტროლო გასროლა იყო, რაც ცხონებული გურამ შარაძის უღვთოდ გამეტებულ და ჩაფერფლილ სიცოცხლეს აღარ გაუგია...
„ვარდების ხელისუფლებამ" დახვრეტილი გურამ შარაძის უსიცოცხლო სხეული ქუჩას მანამ არ მოარიდა, სანამ მთელმა თბილისმა თავისი თვალით არ იხილა საკუთარი სისხლის გუბეში გახევებული გვამი მამულიშვილისა, რომელიც დუღდა, ფიქრობდა, იბრძოდა, უყვარდა...
ეს საჩვენებელი დახვრეტა იყო!..
ულტრალიბერასტული და ნაცისტური სექტის აქტივისტებმა გურამ შარაძის მკვლელობის ამბავი რომ გაიგეს, მაშინვე ბუკსა და ნაღარას ჰკრეს და „მაყრული" შემოსძახეს. განსაკუთრებით აქტიურობდა ვინმე ოთარ ქაროსანიძე, რომელიც ცხონებული გურამ შარაძის მობილურ ტელეფონზე მესიჯს მესიჯზე აგზავნიდა - „ხომ მოკვდი და ჩაძაღლდი ფაშისტო!"
ხელისუფლებამ სასწრაფოდ „გამოძებნა" და „დაიჭირა" „მკვლელი" - ვინმე გიორგი ბარათელი, რომელიც კაცმა არ იცის, რისთვის გამოამწყვდიეს ციხეში.
9 წელი გავიდა გურამ შარაძის მკვლელობიდან და 9 კაცს ვერ იპოვით საქართველოში, რომელიც იტყვის, რომ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და შესანიშნავი მეცნიერი, აკადემიკოსი გურამ შარაძე ვიღაც გიორგი ბარათელმა მოკლა!
2016 წლის 20 მაისს, 19 საათზე, მელიქიშვილის გამზირისა და შანიძის ქუჩის კვეთასთან, იქ, სადაც ზუსტად 9 წლის წინათ გურამ შარაძე დახვრიტეს, მისმა ქალიშვილმა, ქალბატონმა რუსუდან შარაძემ უპრეცედენტო აქცია გამართა და შეკრებილ საზოგადოებას საჩუქრად თავისი ავტოგრაფით ჩამოურიგა ათეული წლების განმავლობაში მამის მიერ შექმნილი უნიკალური წიგნები: „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია", „ამერიკელი ქართველები", „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", „აკაკის სიკვდილი და დასაფლავება"...
იყო ცრემლი, იყო უკმაყოფილება და მწუხარება განუსაზღვრელი მასზედ, რომ რეჟიმი, რომელმაც აკადემიკოსი ქუჩაში დახვრიტა, არავის გაუსამართლებია...
რუსუდან შარაძე, რომელიც ავტოგრაფების გაცემას ვერ აუდიოდა, ხალხის ნაკადს ძლივს გამოვარიდე და ერთად გავიარეთ მელიქიშვილის გამზირის ავბედითი მონაკვეთი, სადაც მის სახელოვან მამას სიცოცხლე მოუსწრაფეს.
- რუსუდან, ვინ მოკლა მამათქვენი?
- თქვენ პირველი ჟურნალისტი იყავით, ვინც მაშინ დეტალურად აცნობდა საზოგადოების იმ მოსაზრებას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნდა! რასაც 9 წლის წინათ ვამბობდი, იმავეს ვიმეორებ დღესაც! ცხადია, ეს საკმარისი არ არის და მანამდე, სანამ გამოძიება არ მოიპოვებს შესაბამის მტკიცებულებებს, ჩემი ნათქვამი მაინც იქნება მოსაზრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ვამბობ, ერთადერთი სიმართლე ის არის!
ღრმად მწამს, რომ მამაჩემის, გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა და შეკვეთა შეასრულა დათა ახალაიას დაჯგუფებამ მეგის ქარდავას ხელმძღვანელობით! ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ ამას 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ვლაპარაკობ და ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს... არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, ძალოვან უწყებებში მომუშავე მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ჩემს მოსაზრებას ადასტურებს. ღრმად მწამს, რომ რასაც ვამბობ, პროკურატურა და გამოძიება ამას დაამტკიცებს!
- თქვენთვის ცნობილია მკვლელის ვინაობა?
- მოწმის ჩვენების მიხედვით ცნობილია იმათი ვინაობა, ვისთვისაც, სავარაუდოდ, მამაჩემის მოკვლა უნდა დაევალებინათ. მამაჩემის სავარაუდო მკვლელთაგან ერთ-ერთი უკრაინაში გარდაიცვალა, ხოლო ერთი დღესაც მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში!
- შეგიძლიათ მამათქვენის სავარაუდო მკვლელის დასახელება?
- დიახ, მამაჩემის სავარაუდო მკვლელი გახლავთ გია ფაჩულია, რომლის ფოტოც მაქვს! შესაძლოა, ზოგიერთმა დამწამოს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვარღვევ, მაგრამ ეს ჩემთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია. მეგის ქარდავას აზრით, გია ფაჩულიას შეეძლო ამ მკვლელობის აღსრულება და ქარდავა ფაჩულიას ავალებდა კიდეც მამაჩემის მოკვლას!
- გამოძიებას ეს გია ფაჩულია დაკითხული ჰყავს?
- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დაკითხვის დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით! ძლივს გამოძიება დაიწყო, ძლივს რაღაც ხდება და ჩემი სულსწრაფობით საქმეს ვერ დავაზიანებ! ეს მკვლელობა რომ სააკაშვილმა შეუკვეთა, ცხადია, მაგრამ სააკაშვილს ვინ შეუკვეთა, უკვე არ ვიცი!
- რა მიზანს ემსახურებოდა ბატონი გურამის ქუჩაში დახვრეტა?
- მიზეზი ბევრი იყო. დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილსა და მის ბანდას გურამ შარაძე ყელში ჰყავდათ გაჩხერილი. იმ კონკრეტულ მომენტსა და სიტუაციაში, ჩემი ღრმა რწმენით, ხელისულებას ოი მიზეზი ჰქონდა მამაჩემის ქუჩაში დასახვრეტად - ეროვნული საგანძურის თემა და ე.წ. თურქი მესხების თემა! მამაჩემის მკვლელობიდან სულ რაღაც ერთ თვეში, კერძოდ, 2007 წლის 22 ივნისს, საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა დაამტკიცა ე.წ. თურქი მესხების საქართველოში რეპატრიაციის საკითხი!
- რაც შეეხება ეროვნულ საგანძურს?
- არსებობს 200-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც თქვენმა კოლეგამ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, აშკარაა, რომ 2007 წლის 20 მაისიდან, ანუ მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, საქართველოდან საგანძურის გატანის ფაქტებმა იმატა.
- რუსუდან, რა მდგომარეობაშია გიორგი ბარათელი და თუ შეხვდით მას?
- სპეცსამსახურებმა იმუშავეს იმაზე, რომ მამაჩემის მკვლელობის მიზეზად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირება გამოეცხადებინათ. მამაჩემის ცხოვრებაში ვერანაირი კომპრომატი რომ ვერ მოძებნეს, შეისწავლეს ჩემი ძმის პირადი ცხოვრება და მის ნაცნობებს შორის ამოირჩიეს „საუკეთესო" კანდიდატურა - გიორგი ბარათელი, რომელსაც ბევრი გამომსარჩლებელი არ ჰყავდა. მოგეხსენებათ, გიორგი ბარათელი და ჩემი ძმა შვეიცარიაში, კერძოდ, ჟენევაში ერთად იღებდნენ ფილმს. სპეცსამსახურებმა შექმნეს მითი, თითქოს ჩემმა ძმამ აწყენინა გიორგი ბარათელს, რის გამოც ბარათელმა შვიდი წლის შემდეგ მამაჩემი მოკლა! ეს არის აბსურდი!"
- ახლა როგორ არის ბარათელი?
- გიორგი ბარათელი ერთ წელიწადში ციხიდან გამოვა! როგორც ვიცი, ის ნორმალურ მდგომარეობაშია...
- ვინ იძიებს გურამ შარაძის მკვლელობას?
- მამაჩემის მკვლელობას იძიებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. საქმეს უშუალოდ ბატონი გიორგი ლომთაძე უძღვება და მას პირადად ბატონი ირაკლი შოთაძე აკონტროლებს!
- გამოძიება რა სტადიაშია?
- მიმდინარეობს დაკითხვები და მტკიცებულებების მოპოვება... მეტს ვერაფერს გეტყვით, უფლება არა მაქვს, უნდა მაპატიოთ!
- ბატონი გურამი რომ ცოცხალი იყოს, დღევანდელობის შემყურე რას იტყოდა?
- არ ვიცი, რას იტყოდა, მაგრამ მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს, გული გაუსკდებოდა და ამაში დარწმუნებული ვარ!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე