ავტორი ანა ნონიკაშვილი
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. ნარჩემაშვილის აზრით, ძალადობის ფაქტი, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, დასავლელი პარტნიორებისთვის მძიმედ აღსაქმელია. ნარჩემაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება მწვავე, „ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციაც არ იქნება გამორიცხული.
„ძალადობა, რომელიც უკავშირდება დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, არჩევნებს - განსაკუთრებით მძიმედ აღსაქმელია დასავლელი პარტნიორების და იმ ხალხის თვალში, ვინც ფიქრობს, რომ დემოკრატიულმა პროცესებმა საქართველოში რაღაც დონეს მიაღწია. განსაკუთრებით ძნელია, მერე ვინმეს დაარწმუნება, რომ შენს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპები მიმდინარეობს ხარვეზების გარეშე.
„ნაციონალური მოძრაობის" სახით არსებობს საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. ამგვარი პოლიტიკური ძალა 2016 წლის ოქტომბერში პროვოკაციულ ქმედებებზე აუცილებლად წავა, იქნება გაცილებით უფრო მწვავე. სოციალური კატაკლიზმი ავიცილეთ 2012 წელის 1 ოქტომბერს, მაგრამ შეიძლება ვერ ავიცილოთ 2016 წლის ოქტომბერში", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.