პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ შეტევა მიმდინარეობს.
ვოლსკის თქმით, გიორგი გახარიაზე შეტევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, ძირითადი საკითხის გადაფარვის მცდელობაა.
„გიორგი გახარიას მიმართ შეტევა მიმდინარეობს იმის გამო, რაც ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ფურცელს წერილი დაარქვეს, თითქოს, გიორგი გახარიას მიერ არის შედგენილი. წყაროს დიდი ძებნა არ სჭირდება, საიდან მიმდინარეობს თავის ორკესტრირებული შეტევით. საუბარი არ არის „თიბისი ბანკზე“. ეს კომპეტენტური ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. საუბარია, ცალკეულ პირებზე, რომელთაც განიზრახეს და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად პროცესი წარმართეს, პოლიტიკური კალაპოტით წაიყვანეს, როცა კითხვები არსებობს ფინანსურ ტრანზაქციებზე, საეჭვო ტრანზაქციებზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამ ფორმატში გახარიას წინააღმდეგ შეტევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, მცდელობაა, ძირითადი საკითხი გადაფარონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკი ასევე აღნიშნავს, წინასწარ განცხადებები იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს, მათი მხრიდან ეჭვებს იწვევს.
„გიორგი გახარიას არავითარი კავშირში არ აქვს თემასთან, რაზეც კონკრეტულ ფიზიკურ პირებს არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ დამფუძნებლებიც ედავებიან“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღონ. ხაზარაძე მეორე დღეს საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა, რომლის შემდეგ აღნიშნა, რომ სასამართლოში წერილის ასლი მიიტანა და ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. პროკურატურამ ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილი გამოაქვეყნა და ასევე განაცხადა, რომ მას არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს.