ავტორი ანა ნონიკაშვილი
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებზე ისაუბრა. ნარჩემაშვილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის" პორტირებული წევრის გამოჩენა ნებისმიერ პარტიაში გამოიწვევს საზოგადოების ნეგატიურ განწყობას. ნარჩემაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის საუბარი გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით უადგილოა.
„გიგი უგულავას აქვს დანაშაული ჩადენილი. ამ ადამიანის მიმართ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მიერ, რომელიც არის კანონიერ ძალაში შესული. უგულავას შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან საუბარი იმაზე, უნდა იყოს უგულავა თავისუფლებაზე თუ არა, უადგილოა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და ნებისმიერი პორტირებული „ნაციონალის" გამოჩენა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში ავტომატურად განაპირობებს იმ საზოგადოების ნეგატიურ განწყობებს, რომლებმაც თავის დროზე 2012 წლის 1 ოქტომბერს განაპირობა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლა",- განაცხადა ნარჩემაშვილმა.