1921 წლის 9 მარტს ქუთაისის დაცემასა და ქალაქში ბოლშევიკების შემოსვლის შესახებ, Facebook-გვერდი „რესპუბლიკა 100“ ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა თბილისის დაცემიდან კიდევ 3 კვირას უწევდა წინააღმდეგობას საბჭოთა ჯარებს. თუმცა, ბოლშევიკები ქუთაისისკენ აფხაზეთიდან, სურამიდან და მამისონიდანაც მოიწევდნენ. მთავრობა ბათუმში გადავიდა.
ამ ფოტოზე, 1923 წელს, ქართველი ბოლშევიკების ქუთაისის საკათედრო ტაძართან, ე.წ. სობოროსთან მიტინგია ასახული, რა დროსაც ეკლესიიდან ჯვარი ჩამოხსნეს და მის ნაცვლად წითელი დროშა აღმართეს. „სობორო“ ცენტრალურ მოედანზე იდგა, იგი 1871 წელს ცნობილმა გაბრიელ ეპისკოპოსმა აკურთხა. ტაძარი თავიდან ალექსანდრე ნეველის, 1920 წლიდან კი დავით აღმაშენებლის სახელს ატარებდა.
ტაძრის საბოლოო დანგრევაზე ქუთაისის მაზრის პრეზიდიუმმა 1924 წელს იმსჯელა და დაადგინა: „დაირღვეს საკათედრო ტაძარი, მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილას კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილას დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი“.
ამ ადგილას ჯერ ლენინის, მერე კი სტალინის ძეგლი იდგა.
2011 წელს, ქუთაისის ცენტრ. მოედნის რეკონსტრუქციისას, გამოჩნდა ტაძრის ყოფილი საძირკველი, სადაც ადამიანთა აუარება ძვალი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 1918 წლიდან ამ ტაძარში იყო დაკრძალული ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი სასულიერო პირი იყო“, - წერს „რესპუბლიკა100“.