„ჩვენ ვმუშაობთ არა მარტო საბერძნეთთან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილდეთ ლეგალური ყოფნა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საბერძნეთში საქართველოს რამდენიმე ათას მოქალაქეს აქვს უკვე ლეგალურად ბინადრობის მოწმობა.
„ამ თვალსაზრისით საბერძნეთთან უკვე გარკვეული საქმიანობა განხორციელებულია. ამ პროცესში საელჩო აქტიურად არის ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ ლეგალური ბინადრობის მოწმობები“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა დღეს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო.