logo_geo
eng_logo
დიდი ცვლილებების გაზაფხული დაიწყო!
- +

9 მარტი. 2019. 21:21

 

 

დიდი სამზადისი დიდი ცვლილებებისთვის - ასე შეიძლება შეფასდეს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.

 

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ძირეული ცვლილებების და სერიოზული რეფორმების განხორციელების ჟამი მოახლოვდა და ეს ჟამი, როგორც „საერთო გაზეთის“ რესპონდენტი აცხადებს, სულ მალე, გაზაფხულის ბოლომდე დადგება.

 

რესპონდენტი, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, სამთავრობო კულუარებში კარგად ჩახედული პირია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ფლობს.

 

„მართალია, ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი პოლიტიკური მტრები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას აპოკალიფსური სურათი დაუხატონ და დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება პარალიზებულია, „ქართული ოცნება“ იშლება, ბიძინა ივანიშვილი სიტუაციას ვერ მართავს და ვერ აკონტროლებს, სინამდვილეში, შექმნილი მდგომარეობის თუნდაც ზედაპირული ანალიზი გვარწმუნებს, რომ საქმე გვაქვს არა კრიზისთან, არა რღვევის პროცესებთან, არამედ დიდი ცვლილებების მოსამზადებელ პერიოდთან.

 

ბიძინა ივანიშვილი ემზადება იმ დაპირებების შესასრულებლად, რაც მან გასულ წელს დააანონსა. მას შესანიშნავად ესმის, რომ ამ დაპირებების შესრულება სერიოზული საკადრო ცვლილებების და რეფორმების გარეშე შეუძლებელია.

 

ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოზიციების დათმობას, თუმცა მას ასევე ძალიან კარგად ესმის, რომ 2020 წელს იმ გუნდით, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ჰქვია, გამარჯვების მიღწევა და მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ის ეცდება, ძირფესვიანად შეცვალოს და გადაახალისოს „ქართული ოცნების“ რიგები, მოიზიდოს ახალი კადრები ახალი იდეებით და ახალი ინიციატივებით, გადაახალისოს და უფრო მოქნილი გახადოს პარტიული სტრუქტურების მუშაობა, საკვანძო პოსტებზე დანიშნოს ახალი სახეები და ა. შ.

 

სინამდვილეს შეეფერება ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება - „ქართულ ოცნებაში“ საკვანძო თანამდებობაზე ბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა დაქსაქსული რიგების ხელახლა გაერთიანებასა და კონსოლიდაციაში.

 

„ქართული ოცნების“ პარტიული სტრუქტურის გარდა დიდი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

 

ეს ცვლილებები არ არის განპირობებული მაინცდამაინც იმით, რომ ამა თუ იმ პოსტზე მუშაობისას რომელიმე პერსონამ ვერ ივარგა და ის სხვა კადრით უნდა ჩანაცვლდეს.

 

ასე, მაგალითად, არ ვიქნებით მართლები თუ ვიტყვით, რომ ირაკლი კობახიძემ ან მამუკა ბახტაძემ თავის მოვალეობებს თავი ვერ გაართვეს და ამიტომ ისინი უნდა წავიდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

 

ორივე მათგანმა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივად ძალზე მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულეს იმ პოზიციებზე, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ.

 

ასე რომ, თუ შეცვლაზეა ლაპარაკი, არა იმიტომ, რომ მათ რაღაც ჩავარდნები აქვთ.

 

საკითხი დგას სულ სხვაგვარად - მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში, მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში ადამიანებს მიეცეთ ის ასპარეზი, სადაც ისინი ყველაზე ეფექტურად, ყველაზე სრულად და ნაყოფიერად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს.

 

ეს, ფაქტობრივად, საკადრო პოლიტიკისადმი, მართვის ხელოვნებისადმი მიდგომის ის ახალი კონცეფციაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქამდე ნაკლებ ყურადღებას აქცევდა.

 

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ გაზაფხულზე აუცილებლად დატოვებს პოსტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

 

აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავა რამდენიმე პარლამენტარი.

 

გაზაფხულზე, შეიძლება ცოტა მოგვიანებით, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და, შესაბამისად, მთავრობის ახალი კაბინეტი ეყოლება.

 

ახალ პრემიერ-მინისტრად, თითქმის უკონკურენტოდ და უალტერნატივოდ გიორგი გახარიას კანდიდატურა სახელდება.

 

გიორგი გახარია, რომელიც ამ შვიდი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მინისტრებიდან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გამორჩეულ მინისტრად შეიძლება ჩაითვალოს, არა მარტო კარგი მენეჯერული თვისებებით გამოირჩევა, არამედ ის ჩამოყალიბდა საინტერესო პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ყველა საჭირო თვისება გააჩნია.

 

როგორც გახსოვთ, გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა თავადვე აღიარა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განვლილ პერიოდში სერიოზული შეცდომები დაუშვა, რის გამოც ვერ მოხერხდა ეკონომიკური პრობლემის მოგვარება, სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობის აღმოფხვრა, მიგრაციის სახიფათო ტემპების შეჩერება და შენელება, თუმცა მან იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში (იგულისხმება 2019 წელი) ის შეძლებდა ამ ხარვეზების აღმოფხვრას.

 

ივანიშვილის ეს განცხადება არ ყოფილა მხოლოდ დაპირება დაპირებისთვის, რომელიც ჩანასახშივე მკვდარია.

 

ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს ქვეყანაში არსებული პრობლემების უსწრაფეს ტემპში დაძლევის ზეამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.

 

შეძლებს თუ არა იგი ამ გეგმის რეალობად ქცევას?

 

ნახევარი ქვეყანა მხრებზე თუ არ ჩამოეკიდება, რომ როგორმე ხელი შეუშალონ და საქმე არ გააკეთებინონ, შეძლებს“, - ასეთი ხასიათისაა ის მოსაზრებები, რომლებიც რესპონდენტმა „საერთო გაზეთს“ გაუზიარა.

 

„ჩვენი მხრიდან ისღა შეგვიძლია დავამატოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მართლაც აქვს კრიტიკულ სიტუაციაში მთელი ძალების მობილიზების და ერთ ენერგიად შეკვრის ფენომენალური უნარი, რომლითაც ის ერთი შეხედვით დაუძლეველი წინააღმდეგობების დაძლევას ადვილად ახერხებს.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერადაც ასე მოხდება“, - ნათქვამია „საერთო გაზეთის“ სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner