საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა. კოპალიანის განცხადებით, ზუსტად 5 წლის წინ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არნახული სისასტიკე გამოიჩინა და ადამიანების ხოცვა-ჟლეტა მოაწყო.
„გვამები გადამალეს მაღაზიის თავზე, რათა მათ საეჭვოდ თვალებამღვრეულ პრეზიდენტს მეორე დღეს აღლუმი მიეღო რუსთაველზე. მე, როგორც 26 მაისის აქციის მონაწილე, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რამეთუ ძალადობა ისევ ძალადობას შობს. დღეს, როცა ზუგდიდში მომხდარ ფაქტებზე გვაკრიტიკებენ, ზოგიერთებს შეიძლება გავუგო კიდეც, მაგრამ მოძალადეებისგან ვერ მივიღებ კრიტიკას, მით უფრო, რომ მომხდართან ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს და პროვოკაციის ოსტატებმა ეს მშვენივრად იციან. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჯობს, ენები მუცელში ჩაიგდოთ და ის გაიხსენოთ, თუნდაც იგივე მელია როგორ სცემს და უსწორდება მოძალადეებს 7 ნოემბერს; ის გაიხსენოთ, როგორი ძალადობით მართავდით 9 წლის განმავლობაში საქართველოს და რა უბედურებები დაატრიალეთ სამეგრელოში; ის გაიხსენოთ, როგორ აქციეთ 26 მაისი ქართველი ხალხის ხოცვა-ჟლეტის დღედ. ხელისუფლება რა შუაშია, ნაწამებმა და ნაგვებმა ადამიანებმა შეიძლება გიცნეს და სცადეს, პირადად გაგსწორებოდნენ. თქვენს სისხლიან ხელებს ხელისუფლებისაკენ ნუ იშვერთ, ჩემკენ ნუ იშვერთ, თქვენ იქით გმართებთ პირადად ჩემი სისხლი", - განაცხადა კოპალიანმა.
მისი თქმით, გაუგებარია, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს ხმის ამოღებას როგორ ბედავენ.
„სააკაშვილო, საყვარელიძევ და მთელო „სანაცეთო", ვეღარ გაძეხით ხომ ჩვენი სისხლით?! დაბრუნება მოგინდათ, არა, თქვე მართლა ბნელეთის მოციქულებო?! როგორც თქვენი ხუშტურიანი პრეზიდენტყოფილი ვერ დაუბრუნდება საღ გონებას, ისე ვერ დაუბრუნდებით თქვენ ხელისუფლებას. მსგავსი პროვოკაცია რომ თქვენს დროს ვინმეს გაებედა და დაეგეგმა, ცოცხზეშესმული, კბილებჩამსხვრეული და დაინვალიდებული ამოყოფდა თავს ციხის კამერაში, ამიტომ ჩემი რჩევაა - ფრთხილად იყავით, ზღვარს ნუ გადადიხართ და ხალხის ნერვებზე ნუ თამაშობთ, თორემ შეიძლება, ჩვენც ვეღარ გიშველოთ", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.