მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გატანისკენ „თავისუფალი დემოკრატები" მთავრობას მოუწოდებენ. პარტიის წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში კანონპროექტის გაწვევის შესახებ მოთხოვნა დარეგისტრირებული არ არის.
„ჩვენს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან გამართული კონსულტაციები ცხადყოფს, რომ მიწის რეგისტრაციის საკითხების მიმართ საჭიროა სისტემური მიდგომა. მოსამზადებელია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც საბოლოოდ მოაწესრიგებს ამ ურთულეს პრობლემას და არა ისეთი ფრაგმენტული ცვლილება, რომელიც წარმოდგენილია კანონპროექტის ავტორების მხრიდან საქართველოს პარლამენტში. ამ თემასთან მიმართებაში არ არის საჭირო პოლიტიკური კეკლუცობა და გასწრობანას თამაში - ვინ ვის მოასწრებს პარლამენტში ალტერნატიული კანონის შეტანას. „ნაციონალურ მოძრაობასაც" და „გირჩსაც" 9 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ მიწის რეფორმა გაეტარებინათ, ეზრუნათ გლეხზე და იმ ნახევარ მილიონ მიწის მესაკუთრეზე, ვისაც დღეს პრობლემა ექმნება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
როგორც გია ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, იუსტიციის სამინისტროში დევს USID-ის მხარდაჭერილი მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიწის რეფორმას და ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ ხედვას:
„პროექტი დასახვეწია, თუმცა მასზე მსჯელობა ყველაზე ადეკვატურად მიგვაჩნია. ამ პროექტზე დაიხარჯა უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსი. რატომ მალავს იუსტიციის სამინისტრო ამ პროექტს, გაუგებარია. ახლა მთავარია საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად ვიმსჯელოთ და შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც, პირველ რიგში, მიწის მფლობელებზე იქნება გათვლილი და არ იქნება მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის მექანიზმი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.