logo_geo
eng_logo
პარლამენტს ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას მოსამართლეების დანიშვნის ინიციატივები წარედგინება
- +

11 მარტი. 2019. 11:02

 

პარლამენტს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი წარედგინება.

 

ერთი პროექტი, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის მიერ არის მომზადებული. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

 

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

 

რაც შეეხება მეორე პროექტს, პარლამენტს დღეს ინიცირებისათვის ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტი წარედგინება.

 

ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

 

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

 

ბესელიასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები - ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner