„სტიქიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და სტიქიური რისკების შეფასების პროექტის ბიუჯეტი 32 მლნ დოლარია, ეს თანხა ქვეყანამ გრანტის სახით მიიღო“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის დეტალებზე საუბრისას განუცხადა.
თანდილაშვილის თქმით, ასეთი მასშტაბური პროექტი კლიმატური საფრთხეების პრევენციის კუთხით ქვეყანას არ ჰქონია. მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ პროგრამისთვის, რომელიც სტიქიური მოვლენების პრევენციის საშუალებას იძლევა, „კლიმატის მწვანე ფონდმა“ 27 მილიონიანი გრანტი გამოყო, 5 მილიონი კი შვეიცარიის მთავრობის მიერ ფინანსდება. ეს თანხა აღჭურვილობის შეძენას და კადრების გადამზადებას მოხმარდება.
„პროექტი შვიდ წლიანია. ამ პერიოდის შემდეგ, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანი უკეთ იქნება დაცული კლიმატური საფრთხეებისგან ვიდრე ეს არის დღეს. საქართველოში გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე საკმაოდ ხშირია ბუნებრივი პროცესების გააქტიურება და არაერთმა მოვლენამ ცხადყო, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს რისკების პრევენციის სისტემა. დღესდღეობით სტიქია რომ მოხდება, მერე ვაკეთებთ რეაგირებას. განვითარებულ ქვეყანებში კი პირიქითაა, შექმნილია შესაბამისი გაფრთხილების სისტემები, რომელთა მეშვეობითაც რისკების წინსწრებით დადგენა ხდება და შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობით, ხერხდება მათი პრევენცია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
თანდილაშვილის განმარტებით, არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც რეგიონების მიხედვითაა გაწერილი. ყველა რეგიონში ჩატარდება დეტალური გეოლოგიურ - მეტეოროლოგიური მონიტორინგი და ამასთან, შესაძლებელი იქნება ჰიდროლოგიური საფრთხეების დადგენა.
„წელს პროექტი დაიწყება აჭარის რეგიონიდან და ამ რეგიონს სრულად მოვიცავთ. გაკეთდება მაღალი სიზუსტის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური რუკები. მოხდება საფრთხეების დეტალური შესწავლა და მოდელირების სისტემის განთავსება. დღესდღეობით უკვე გვაქვს ორი თანამედროვე გაფრთხილების სისტემა მდინარე ვერეს აუზში და დევდორაკის ხეობაში. ასეთი სისტემები იქნება საქართველოს ყველა იმ მდინარის აუზში, სადაც სტიქიის მაღალი რისკია. ამასთან, სისტემების დამონტაჟებასთან ერთად ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და განვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობის დაცვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სისტემის ფარგლებში სიახლეა ის, რომ მოხდება მყინვარე პროცესების შესწავლა და ამ მხრივ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, ამას გარდა იგეგმება თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთან და ახალგაზრდების დასაქმება.
„პროექტი მოიცავს კადრების გადამზადებას, რათა მათ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება შეძლონ, ასევე იგეგმება ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმება. გეოლოგები, ჰიდროლოგები, მეტეოროლოგები, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ, პროგრამის ფარგლებში კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და დასაქმდებიან. შვიდი წლის შემდგომ საქართველოს უნდა ჰქონდეს გამართული, თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც სტიქიური პროცესების რისკების პრევენციის აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტიქიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და სტიქიური რისკების შეფასების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააანონსა და განაცხადა, რომ პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება.