„საია“ ჩამორჩა თანამედროვე ტრენდს“, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, „საია“ არსებულ რეალობას აცდენილია. როგორც ის აღნიშნავს, მტკიცება, ვითომდა ინსპექტირებით ხდება ამომრჩეველზე ზეგავლენა, ჰაერიდან არის მოტანილი.
„საია“ ჩამორჩა თანამედროვე ტრენდს, რადგან რეალური სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც იყო. ადამიანის დამოკიდებულება საარჩევნო ბიულეტენთან ინდივიდუალური და დაცულია. იმის მტკიცება, ადამიანმა, რომელსაც ვაშაძე უნდოდა აერჩია, უცებ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის არჩევა დახურულ კარს მიღმა, არის ჰაერიდან მოტანილი“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.
„სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ“, - აღნიშნულის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2018 წელს, საარჩევნო პერიოდში, საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებას უკავშირდება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის სულხან სალაძის განცხადებით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება.
სალაძე აღნიშნავს, რომ ინსპექტირების 7 შემთხვევიდან 6, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირების 85%-ზე მეტს შეადგენს.