logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: თუ ტყუილად გავაკრიტიკე მარგველაშვილი, შეუძლია, მიჩივლოს
- +

20 თებერვალი. 2016. 16:30


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის არსებული დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს და „რეპორტიორთან" ინტერვიუში „რესპუბლიკურ პარტიას" არჩევნებისთვის გარკვეულ წინადადებას სთავაზობს:


- თავად თინა ხიდაშელმა მომაყენა შეურაცხყოფა საჯაროდ. მე მას გავეცი პასუხი და დავადანაშაულე, რომ ის არაკორექტულად მოიქცა შუალედურ არჩევნებზე. ის არაკორექტულად მოიქცა, როდესაც 527 ჯარისკაცი ჩაიყვანა საგარეჯოში. ზუსტად იმავე თვეს, არჩევნებამდე, თეა წულუკიანთან ჩატარდა თათბირი ამ თემაზე და შეიქმნა ოქმი ნომერი სამი, რომლის თანახმადაც, მუხროვანის მეცამეტე უბანზე სულ 25 ჯარისკაცი იყო და ეს უბანი არ უნდა გახსნილიყო. იმ 25 კაცს ვანაწილებდით სხვა უბნებზე. ამის მერე, თავდაცვის მინისტრმა თავის თავზე აიღო და 527 კაცი ჩაიყვანა საგარეჯოში მთელი საქართველოდან. პრაქტიკულად, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს არჩევნების შედეგი. ხიდაშელის თანაგუნდელები ტყუილად ცდილობენ, რომ გაამართლონ ეს ყველაფერი. დაისმის კითხვა, რა დაუჯდა ეს ყველაფერი სამინისტროს და რატომ უარყოფს ხიდაშელი, რომ მოხდა ეს დარღვევა? თუ არ იცოდა, ხმამაღლა განაცხადოს.


გამოდის დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის ჯარისკაცები იმ რეგიონში ერთი წელია უკვე დგანან. როგორ შევათანხმოთ ეს განცხადება იმ ოქმთან? საერთოდ, დავით ბერძენიშვილს ძალიან გაუვიდა თავს. ასეთი სიყალბის განცხადებისას უნდა ფიქრობდეს, რომ ასეთი ტყუილი საზოგადოებას არ აკადროს. პოლიტიკოსს უფლება არ აქვს, საჯაროდ ასეთი განცხადება გააკეთოს. უნდა დაფიქრდეს, რომ საზოგადოებაში მისმა განცხადებამ ღიმილი არ გამოიწვიოს.

 

- მხოლოდ შუალედური არჩევნების საკითხი გახდა თქვენი დაპირისპირების მიზეზი?


- საერთოდ, ერთი ძმა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სტალინის ცნება მიუღებელია, ევროკავშირში არ მიგვიღებენ, თუ ასე ვიზამთ. მეორე ძმა ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძეს ასწავლის თავის სტუდენტებს, ძალიან ცუდად იხსენებს. თუ ჩვენ ქვეყანა ვართ, ჩვენი კულტურითა და ისტორიით, ეს გამოჩენილი პიროვნებები ასე არ უნდა ლანძღოს ქართველმა კაცმა. მე არასდროს მითქვამს, რომ სტალინი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში იყო გამორჩეული. ის იყო უდიდესი პიროვნება, მსოფლიოში აღიარებული და მე-20 საუკუნეში გამოცხადებულია, როგორც ყველაზე შედეგიანი და ყველაზე გენიალური მმართველი.


თუ ევროკავშირი სტალინის ხსენებას გვიშლის და თუ ადამიანების უფლებების დაცვაზე ვლაპარაკობთ, მაშინ რატომ არიან ევროკავშირის წევრები გერმანია, იტალია და კიდევ სხვა ქვეყნები?!


ჩვენი ისტორია, კულტურა საამაყოა, არ შეიძლება, ისეთ პიროვნებებზე, როგორიც ვაჟა, ილია, თუნდაც სტალინია, ხელაღებით ლაპარაკი. მაშინ, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ვლაპარკობთ, რომ ისტორია ჰქონდა. ამიტომ, ამ საკითხებში არ ვეთანხმები მათ და ზოგიერთებს, ვინც ამას ქადაგებს.


- თინა ხიდაშელი მურვან ყრუს შეადარეთ...


- მე გაგახსენებთ, როგორი ეპითეტებით შემამკეს. მთელი ეს დავა, დაპირისპირება დაიწყო ქალბატონის თინას მიერ ჩემი შეურაცხყოფით, როცა პრეზიდენტი გავაკრიტიკე. მე ჩემი აზრი გამოვთქვი და თუ ტყუილად გავაკრიტიკე მარგველაშვილი, პრეზიდენტია და შეუძლია იჩივლოს ამის გამო. ამის მერე დაიწყო ეს დაძაბულობა. საკმაოდ თავხედური, დამამცირებელი განცხადება გააკეთა ხიდაშელმა ჩემ მიმართ. აბსოლუტურად არ ეხებოდა ეს ყველაფერი მას. ამის შემდეგ დაიწყო ეს კამათი და ურთიერთლანძღვა-გინება. ძალიან ბევრ რამეს მაბრალებენ უსაფუძვლოდ და ამაზე მეც ვპასუხობ. ჩემ მიმართ წამოსულ კრიტიკას არ დავუტოვებ უპასუხოდ. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. არაერთხელ დამიმტკიცებია ეს პოზიცია. თუმცა, სამწუხაროდ, სულ ოპოზიციაში ყოფნა მიწევდა. მაგრამ, ყოველთვის მქონდა ჩემი მკაფიო პოზიცია. ეს ძალიან კარგად იცოდნენ ჩემმა კოლეგებმა თუ ოპონენტებმა. მაგრამ ასეთი დამამცირებელი განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ.


- რამდენად შესაძლებელია, რომ ეს დაპირისპირება კოალიციიდან თქვენი წასვლის მიზეზი გახდეს?


- ეს არის მათი მოგონილი. დავით ბერძენიშვილი ხშირად აკეთებს ასეთ „სენსაციურ" განცხადებას. მეტსაც გეტყვით, ცდილობენ, რომ ჩვენი ფრაქციიდან ვინმე გადაიბირონ. ასეთი განცხადებები ქმნის რაღაც აჟიოტაჟს.


 „რესპუბლიკელები" ისე გათამამდნენ, რომ აცხადებენ, რომ ისინი არიან მთავარი ფიგურები კოალიციაში. არაფერი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი, არაფერი ვყოფილვართ დანარჩენები და მხოლოდ ესენი არიან.


- დავით ბერძენიშვილი „მრეწველებს" კოალიციაში შემავალ ბოლო პარტიად მოიხსენიებს. ამაზე რას იტყვით?


- როგორც კი ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დააპირა, მეორე დღესვე მივედი მასთან, ჩვენ დიდი ხანია ვურთიერთობთ, და ვუთხარი, რომ რამდენიმე ობიექტზე მეჯდა ფინანსური პოლიცია, „ნაციონალურ მოძრაობასთან" მაინცდამაინც დალაგებული ურთიერთობა არ მქონდა. ძალიან ბევრი რაღაც დაკარგა იმ პერიოდში ჩვენმა კომპანიამ. ვუთხარი, რომ მათი მოცილება მინდოდა. მომისმინა ივანიშვილმა, გამიგო. გავიდა რამდენიმე თვე, მოვითავე ყველაფერი და შევედი კოალიციაში.


ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პირველები შევიდნენ კოალიციაში. მაგას არც ის შეაწუხებდა და არც ეს და მე? მრავალმილიონიან ჯარიმებს მადებდნენ.


- გახდა თუ არა თქვენი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი თქვენი და „რესპუბლიკელების" განსხვავებული საგარეო ორიენტაცია?


- არჩევნების შემდეგ დაახლოებით წელიწად-ნახევარი ხმა არ ამომიღია NATO-ს თაობაზე. შემდეგ, NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა, ოლანდმა, მერკელმა, ობამამ გამოაცხადეს, რომ ჩვენ NATO-ში ვერ მიგვიღებენ. ამას კიდევ ადასტურებს აპატურაის განცხადება, რომელმაც ძალიან დელიკატურად მოიყვანა ორი მიზეზი, რომ ევროპის ქვეყნებს არ სურთ ჩვენი NATO-ში ყოფნა და ისინი ჩვენ გვიფრთხილდებიან, რადგან ჩვენი აგრესიული მეზობლისგან ვერ დაგვიცავენ, ამიტომ ისევ ჩვენი კეთილდღეობის გამო, არ მიგვიღებენ. არ მგონია, რომ NATO ჩვენს გამო დაეჯახოს იმ ვეებერთელა ქვეყანას, რომელმაც ტერიტორიები წაგვართვა.

 

- რას ფიქრობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე?


- თურმე თოფაძე და მისი გუნდი ევროკავშირში ასოცირების წინააღმდეგები არიან. ეს აბსოლუტური სიცრუეა. ის, რომ ჩვენ ევროპისკენ გვაქვს ორიენტაცია, ცხადია. მაგრამ, ევროპასაც ძალიან ვჭირდებით, განსაკუთრებით „აბრეშუმის გზის" გაყვანის შემდეგ. ერთადერთი ჩემი შეთავაზება, რასაც ატრიალებენ სხვა კონტექსტში, არის ის, რომ ცოტა თავი უნდა დავიფასოთ. არ შეიძლება, ყველა მათი რეკომენდაცია უპირობოდ მივიღოთ. სხვა ქვეყნები თვეობით ევაჭრებიან თავიანთი პირობების მიღებაზე. ჩვენც გვაქვს ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც შეიძლება ვიდავოთ. თუ ასე მონურად ვიქნებით, ფარულად და შერბილებულად ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი დადგება. ღარიბი ნათესავის როლში არ უნდა ვიყოთ, გვაქვს ჩვენი კოზირებიც, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ ყველაფერს აძლევენ ისეთ ინტერპრეტაციას, თითქოს თოფაძე და მისი გუნდი ევროკავშირის წინააღმდეგნი არიან.


- თქვენს დაპირისპირებას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. როგორ მიიღეთ პრემიერის განცხადება, როგორც კრიტიკა თუ როგორც რჩევა?


- მან საკმოდ დელიკატური განცხადება გააკეთა, ძმების განცხადებას კი არ ჰგავს. რბილად თქვა, ასეც უნდა ეთქვა. მივიღე მისი შენიშვნა, თუმცა ჩემს აზრზე ვრჩები. თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ასეთი დარღვევა შეიძლება იკადროს მინისტრმა,  ნაპოლეონია, სუვოროვი თუ კუტუზოვი, გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა. ბევრჯერ დაგვხვდება ჩვენ ეს დარღვევა, რადგან ბევრი არჩევნები გველის წინ და ყველგან წამოგვაყვედრებენ ამას.


- მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებზე?


- ერთი პირობით მივიღებ მონაწილეობას. გავიდნენ „რესპუბლიკელებიც" და ჩვენც კოალიციიდან და ცალ-ცალკე ვიყაროთ კენჭი, რომ დავანახოთ, რა ავტორიტეტი აქვთ მათ საზოგადოებაში. ვიყაროთ ორივემ ცალკე კენჭი და მერე გავერთიანდებით თუ არა, ვნახოთ. სხვა პარტიები დარჩებიან კოალიციაში.


- დააყენებთ აღნიშნულ საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე?


- არა, ამას ვთავაზობ მათ. რადგან ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გაგვრიცხონ და რაღაცეებს იგონებენ. თუ ასეა საქმე, მაშინ შევთანხმდეთ, ისინი ცალკე, ჩვენ ცალკე. რატომ არ უნდა დაგვეთანხმონ? ამით დაწყნარდება ეს აჟიოტაჟი და გამოჩნდება, ვის უჭერს საქართველოს მოსახლეობა მხარს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner