logo_geo
eng_logo
აშშ-მ რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად 661 მილიონი დოლარი გამოყო
- +

12 მარტი. 2019. 12:38

 

აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას ითვალისწინებს. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის მავნე ზეგავლენისა და დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად 661 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება. თანხა მოხმარდება უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ ვაშინგტონის პარტნიორებმა რუსულ შეიარაღების გამოყენებაზე უარი თქვან.

 

ამას გარდა, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეებთან და პარტნიორებთნ ურთიერთობების გაძლიერების ფარგლებში, აშშ სესხის სახით რვა მილიარდი დოლარის გაცემას გეგმავს, რათა ამერიკული თავდაცვითი აღჭურვილობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, რაც მათ შესაძლებლობებს გააფართოებს.

 

ამას გარდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ვენესუელაში ხელისუფლების გადაცემის მხარდაჭერა; ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების მხარდაჭერა, საიდანაც 3,3 მილიარდი ევროს ოდენობის საგარეო სამხედრო დახმარების გამოყოფა ისრაელისთვის იგეგმება; აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების მხარდაჭერა; მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობისა და ანტიტერორისტული ძალისხმევის ხელშეწყობა; 150 მილიონი დოლარის გამოყოფა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მხარდასაჭერად.

 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ბიუჯეტი უზრუნველყოფს აშშ-ის მოქალაქეების დასაცავად აუცილებელ რესურსებს, გაზრდის ამერიკის კეთილდღეობას აშშ-ის ბიზნესისთვის შესაძლებლობების გაფართოებით, მხარდაჭერას აღმოუჩენს აშშ-ის მოკავშირეებს და ამავდროულად სხვა ქვეყნებს მეტის კეთებისკენ მოუწოდებს, ასევე გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, რადგან დაეხმარება სხვა ქვეყნებს გახდნენ დამოუკიდებელი პარტნიორები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

 

ტრამპის ადმინისტრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროგრამების დასაფინანსებლად 2,1 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს, გლობალური ჯანდაცვის გაძლიერებაზე კი 2020 წელს 6,3 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს.

 

ასევე 6,3 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული მსოფლიოში ჰუმანიტარულ კრიზისებზე რეაგირებისთვის.

 

„ეს ბიუჯეტი ახდენს რესურსების ფოკუსირებას აშშ-ის მოქალაქეების დაცვაზე, ამერიკის კეთილდღეობის ზრდაზე და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერაზე. დამყარებულია მთავარ პრინციპებზე რომ გადასახადების გადამხდელების თითოეული დოლარი სიბრძნით უნდა დაიხარჯოს, ეს ბიუჯეტი შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, მივიღოთ წარმატებული შედეგები, გავზარდოთ პროგრამების ეფექტიანობა, განვახორციელოთ ჰუმანიტარული დახმარების ოპტიმიზაცია და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner