„შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციაა და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იარსებებს და იფუნქციონირებს შეწყალების კომისია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა, გადაწყვეტილებას შეწყალების თაობაზე თავად პრეზიდენტი მიიღებს.
„შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციაა და შესაბამისად, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე იღებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. რა ფორმით და სად იარსებებს და იფუნქციონირებს შეწყალების კომისია, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ახალი კონცეფციის თანახმად, პრეზიდენტის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იმუშავებს შეწყალების კომისია, თუმცა იქნება სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების, ვგულისხმობ, რეკომენდაციების მომზადების პროცესში. პრეზიდენტმა საახალწლოდ შეიწყალა სამი მსჯავრდებული და რაც შეეხება სააღდგომოდ შეწყალების აქტის განხორციელებას, გამორიცხული არაფერია, ნუ გავასწრებთ მოვლენებს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა კომისიის დაკომპლექტების საკითხზე და აღნიშნა, რომ ის დაკომპლექტდება პროფესიონალებით, რათა მოხდეს შეწყალებულთა რესოციალიზაცია.
„რაც შეეხება კომისიის დაკომპლექტებას, ახალი კონცეფციის თანახმად, კომისია დაკომპლექტდება მხოლოდ პროფესიონალებით. იქ იქნებიან პედაგოგები, ფსიქოლოგები, იურისტები, იმისათვის, რომ შეწყალებულმა განახორციელოს რესოციალიზაცია, ნამდვილად დაბრუნდეს საზოგადოებაში. ამავე დროს აუცილებლად და უპირობოდ უნდა იყოს დაცული საზოგადოების უსაფრთხოება, არ შეიძლება, ჰუმანურობის ამ აქტის განხორციელებით საზოგადოებას შევუქმნათ საფრთხე“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.