1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ მათი ახლობლების ნეშტები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად.
ორგანიზაციის ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს.
„ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ბებიასთან ვატარებდი, მაგრამ ომმა ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაშორა“ - გვიამბო 44 წლის მამაკაცმა, რომლის ოჯახიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა, - „როდესაც შევიტყვე, რომ მისი ნეშტი იპოვეს და ამოიცნეს, გული მადლიერების გრძნობით ამევსო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები უცნობი ადამიანების მიმართ, რომლებმაც გარდაცვლილ ბებიას სათანადო პატივი მიაგეს“, -ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოჯახების წარმომადგენლებთან, განუმარტა ამოცნობის პროცესის ეტაპები და უპასუხა მათ შეკითხვებს. ოჯახებს, ასევე, გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება ახლობლების გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავებლად.
„ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისათვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს, იმ ფაქტს, რომ ოჯახები იღებენ პასუხს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ. ჩვენმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო - დასრულდა გაურკვევლობის ათწლეულები 23 ქართველი, აფხაზი და ოსი გაუჩინარებული ადამიანის ოჯახისთვის“, - აღნიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ოპერატიული საქმიანობის კოორდინატორმა ევრაზიის რეგიონში ნიკოლა ფლორიმ.
ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონია უახლოეს დღეებში გაიმართება.
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება.
2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.