logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს გრანტის მიღება შეეძლებათ
- +

12 მარტი. 2019. 18:31

 

„სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელდება პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს შეეძლებათ ინდივიდუალური და/ან ერთობლივი პროექტებისთვის 7-დან 35 ათას ლარამდე მოცულობის გრანტი მიიღონ.

 

„პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ უკავშირდება სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ჩვენ ვართ ახლა ამ ინიციატივის ყველა კომპონენტის განხორციელების დასკვნით ეტაპზე. 25 წლის განმავლობაში პირველად, რაც ეს კონფლიქტი არსებობს, ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, ასევე 18 წელს მიღწეული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და იმ პირებისთვის, ვინც რეგისტრირებულია ახალი წესით, ეს არის სტატუსნეიტრალური რეგისტრაციის ფორმა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ინდივიდუალური ან ერთობლივი პროექტებისთვის მიიღონ 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტი. 7 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცემა ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონებში, ხოლო 15, 20 და 35 ათასი ლარის მოცულობის გრანტები გაიცემა ერთობლივ პროექტებზე, რომელიც წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობასაც და რაც მთავარია, ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების მიღება დღეიდან იქნება შესაძლებელი. მისივე განცხადებით, ამ პროგრამის განხორციელებისთვის საწყის ეტაპზე ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

 

„უკვე დღეიდან შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღება. ეს პროგრამა ხორციელდება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სიპ-ის მიერ და განთავსებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს და ასევე ჩვენს ვებ-გვერდებზე. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ განაცხადი შეავსონ ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოსახლეობის დახმარების და ნდობის მშენებლობის საკითხებში. საწყის ეტაპზე ამ პროგრამისთვის გამოყოფილია ნახევარი მილიონი ლარი“, - განცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner