შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ორგანიზებით, შსს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში წიგნების „თულნი" და „ბოლშევიკების თვალით დანახული საქართველოს ოკუპაცია" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია, შს მინისტრის მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია, ასევე არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, დაღუპულ იუნკერთა შთამომავლები და მეცნიერები ესწრებოდნენ.
დღესვე პრეზენტაციაზე უნიკალურ დოკუმენტურ მასალაზე შექმნილი ფილმის „საქართველოს გასაბჭოება" ჩვენება გაიმართა.
„1921 წლის 25 თებერვალი არ არის მხოლოდ დამოუკიდებლობის დამხობის დღე და ის თითოეულ ქართველს უნდა ახსოვდეს. 25 თებერვალი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომლის იარებს ქართველი საზოგადოება დღემდე გრძნობს, რადგან საბჭოურ მემკვიდრეობასთან ბრძოლა ჩვენს თანამედოვეებს ამ დრომდე უწევთ", -განაცხადა ჯაბა სამუშიამ.