logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: არა ომს და დაპირისპირებას!
- +

13 მარტი. 2019. 12:18

 

რუსეთის დუმამ ორი მოსმენით განიხილა პირადად ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „კანონიერი ქურდობის“ წინააღმდეგ სასჯელის გამკაცრების შესახებ, რომელიც ქართულის ანალოგიურია და კანონიერი ქურდობის ამღიარებლებისთვის 8-დან 20 წლამდე პატიმრობას  და 5 მილიონ მანეთ (დაახლოებით 200 000 ლარი) ჯარიმას ითვალისწინებს.

 

ეს იმის დასტურია, რომ რუსეთი ქართული კანონების ქურდობით ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ოკუპაციას აღრმავებს! არა ქართული ინტელექტის ოკუპაციას! ერთად შევაკავოთ რუსული საფრთხე! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

 

გეთანხმებით, ავტორის (ამ შემთხვევაში - ჩემი!) დასკვნა რუსეთის დუმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, „ანტიქურდული“ კანონის ქართულობაზე არის აბსურდი, ხოლო მისივე პატრიოტული მოწოდებები - დემაგოგია გონებაჩლუნგებისთვის.

 

ახლა ძალიან მოკლედ იმის შესახებ, რამაც ეს მწარე „აღიარება“ დამაწერინა.

 

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში არასამეწარეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნის თაობაზე. ახალი „ასოციაციის“ შექნას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები, უფრო ზუსტად, მოლაპარაკების მცდელობები საქართველოში მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციასთან, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა.

 

ახალშექმნილი საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის აზრით, თანამედროვე პირობებში როგორც ჩვენში, ისე  მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, უხეშად ირღვევა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნა-გამოყენებასთან დაკავშირებული საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები; მოსაგვარებელია შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები; მოქმედი ორგანიზაცია ვერ ახერხებს და არც ცდილობს პრობლემების მოგვარებას; სრულიად გაუმჭვირვალე, ბნელით მოცულია ხელოვანთა ანაზღაურების სისტემა...

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამცველი მოქმედი ორგანიზაციის მტკიცებით, იგი სრულად იცავს ქართველ ხელოვანთა უფლებებს; იურიდიული თვალსაზრისით, მათთან ურთიერთობის საკითხები სავსებით გამართულია; წარმატებით თანამშროლობს ანალოგიურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და, საერთოდ, რასაც აკეთებს, „ყველაფერს ლაზათიანად აკეთებს“; ახალი უფლებადამცველი ორგანიზაცია არის რუსული პროექტი, ევრაზიულ გაერთიანებაში საქართველოს შეთრევისა და საქართველოს „ინტელექტუალური ოკუპაციის“ მცდელობა; რაც მთავარია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა („საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“) გამორიცხავს საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში ერთზე მეტი ორგანიზაციის არსებობას...

 

ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ყურადღებით გავეცანი აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელ, ცოტა არ იყოს, უცნაურად ვრცელ და, ჩემი აზრით, ხელოვნურად გართულებულ-გაბუნდოვანებულ საქართველოს კანონს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. ზოგი რამ იქ, შესაძლოა, მართლაც საკამათო იყოს, მაგრამ არსად ერთი სიტყვით, ან მინიშნებითაც კი ნათქვამი არ არის, რომ  საავტორო უფლებათა დაცვა მხოლოდ ერთი რომელიმე ორგანიზაციის პრეროგატივა შეიძლება იყოს. პირიქით, იმ მუხლებში, რომლებიც ავტორთა უფლებების დაცვის გარანტიებს უზრუნველყოფს (მუხლი 63-66), უკლებლივ ყველგან უფლებადამცველი ორგანიზაციები მოიხსენიება მრავლობით რიცხვში. ანუ კანონი ყველგან არაორაზროვნად ერთზე მეტ (ბევრ!) საავტორო უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე მიუთითებს. ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონი კობალაძე ცინიკურად ცრუობს. მართალია, სიცრუე უღირსი საქციელია, იგი არ შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ გასაკვირიც არაფერია - ეტყობა, მან უკან დასახევი გზა არ დაიტოვა.

 

ჯერ ვნახოთ, რას წერს ბატონი გიგა კობალაძე, საქართველოში მოქმედი საავტორო უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი (აქვე ბოდიშს გიხდით ვრცელი ამონარიდისთვის):

 

 „...ევრაზიული კავშირი EACOP დაფუძნდა  2017 წლის აგვისტოში ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) საპირწონედ და კონკურენტად. CISAC მუსიკის სფეროში მსოფლიო გაერთიანებაა და მასში გაწევრიანებულია მსოფლიოს 239 ორგანიზაცია.  საქართველოც მისი წევრია.

რუსეთმა, მასში გაწევრიანების მიზნით, დაიწყო ზეწოლა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაზეც (GCA). მოლაპარაკებას აწარმოებდა და თბილისში, ოთხკაციან ამალასთან ერთად პირადად შემხვდა ანდრეი კრიჩევსკი, რომელიც ერთდროულად არის RAO-, EACOP-ის, IP CHAIN-ის, ამ სფეროში მოქმედი კიდევ რამდენიმე რუსული კომპანიის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. ამაში მას ეხმარებოდა კიდევ ერთი RAO- ქუდქვეშ შექმნილი რუსული ორგანიზაციის (FONMIX) ქართველი წარმომადგენელი ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილი, რომელიც ასევე რამდენჯერმე შემხვდა ამ მიზნით. ეს ბატონები დაჟინებით ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას, რომ გვესარგებლა IP CHAIN-ის ტექნიკური მხარდაჭერით და შევსულიყავით ევრაზიულ კავშირში, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, რადგან ამით შესუსტდებოდა საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყნის როლი მსოფლიო არენაზე და მოხდებოდა განვითარების არსებული დინამიკის შეფერხება და უკუსვლა.

 

უარით გაღიზიანებულმა რუსეთმა მიმართა უკვე მრავალგზის ნაცად, ციხის შიგნიდან გატეხვის მეთოდს. დასაყრდენად, ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილის დახმარებით, მოძებნა რუსეთის მიმართ სენტიმენტალურად განწყობილი ქართველი მომღერლები... ვისი მეშვეობითაც დაიწყო ჩვენი დისკრედიტაცია და ამ გზით საავტორო უფლებების სფეროში არეულობის შეტანა. ამ ბატონებმა დააფუძნეს ორგანიზაცია, რომელმაც თითქოს უნდა მართოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებები და შეაგროვოს მათი ჰონორარი, რაც, სხვა მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ორგანიზაციას ამის იურიდიული უფლებამოსილება არ აქვს...

 

მთელი ამ პროცესის შეკავების მიზნით, ჩვენ, ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებთან, ბრავო რექორდსთან და GMI Rights Management-თან ერთად ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას: არა ინტელექტის ოკუპაციას!

 

მჯერა, რომ კამპანია წარმატებული იქნება, გვეყოფა გონიერება გავითვალისწინოთ უკრაინის მაგალითი და თავიდან ავიცილოთ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაცია.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთად შევაკავოთ რუსული საფრთხე!

 

ჩემი აზრით, ბატონი გიგა კობალაძის გაღიზიანება გამოწვეული უნდა იყოს არა ქართველი კომპოზიტორებსა და შემსრულებლებზე ზრუნვით, არამედ მისი ორგანიზაციის დაუსაბუთებელი (ფარული, არადეკლარირებული) შემოსავლების გზების გახმაურებისა და, საბოლოოდ, მისი დაკარგვის შიშით. აქედავე უნდა მომდინარეობდეს საქართველოში მორიგი ურაპატრიოტული აჟიოტაჟის შექნის სურვილი საქართველოს მიმართ ახალი „რუსული ინტერესებისა“ და „საქართველოს ინტელექტუალური ოკუპაციის“ თაობაზე. უფრო ზუსტად, ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღების მთავარიდან მეორეხარისხოვანზე, მაპატიეთ - მთავარიდან არარსებულზე - გადატანის ბავშვური მცდელობა.

 

პრობლემა გაცილებით უბრალოა - ქართველი კომპოზიტორების, მუსიკოს-შემსრულებლების ინტელექტუალური საკუთრების გავრცელებისა და მოხმარების ძირითადი არეალი გახლავთ სწორედ რუსეთი და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთსა და ევრაზიული კავშირის წევრ სხვა ქვეყნებში მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გარეშე ქართული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, უბრალოდ, შეუძლებელია. იგი ასევე შეუძლებელია ინტელექტუალური საკუთრების მომხმარებელთა (რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები...) რეალური კონტროლის გარეშე. ეს კი, თავის მხრივ, უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებულ ათასობით ობიექტში შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებას გულისხმობს. ახლად შექმნილი ქართული საავტორო უფლებების დამცველი ასოციაცია რუსი პარტნიორების დახმარებით, სწორედ ამას აპირებს.

 

იძულებული ვარ, გავიმეორო, რომ აქ საქართველოს, ბელარუსის ან ყაზახეთის რომელიმე რესტორანში რუსული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება არ იგულისხმება - ამას რუსული სპეცსამსახურები ბატონ გიგა კობალაძესთან, მის ქართველ ოპონენტ ალექსანდრე გვარიშვილთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და თვით ლეიბორისტ შალვა ნათელაშვილთან შეუთანხმებლადაც მშვენივრად გაართმევენ თავს.

 

აქვე, დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა ვუთხრა ჩემს ქართველ კოლეგა-ჟურნალისტებს - ზოგადად, „ინტელექტის ოკუპაციაზე“ საუბარი ძალიან, ძალიან სამარცხვინოა, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, შეუძლებელია. გაცილებით გონივრული, კეთილშობილური და მომგებიანი იქნება, თუ დაპირისპირების გაღრმავებაზე კი არა,  მხარეებს შორის შეთანხმებაზე ვიზრუნებთ. ყველა ომი და დაპირისპირება ხომ საბოლოოდ ზავით და მორიგებით მთავრდება. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ასეთი მიდგომა, შესაძლოა, მთლიანად რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებასაც წაადგეს.

 

შემიძლია კომპრომისული ლოზუნგიც შემოგთავაზოთ - არა ომს და დაპირისპირებას!

 

 

თეიმურაზ ქორიძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner