logo_geo
eng_logo
იუსტიციის საბჭო: ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა
- +

13 მარტი. 2019. 16:44

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა და გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და პროცესის შემდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. 12 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართა. სხდომას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სასამართლო სხდომაზე ცალკეული პოლიტიკოსები მოსამართლის მისამართით არაეთიკურ გამონათქვამებს არ მოერიდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ვითარება სამართლებრივი ჩარჩოდან გასულიყო. მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, აბსურდულ ბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

 

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა. მსგავსი შინაარსის საქმეზე ნუნუ ნემსიწვერიძეს განაჩენი არ დაუდგენია.

 

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ნებისმიერი მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საქმის განხილვისას ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილების დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტებს არ დაეთანხმა პროცესის მონაწილე მხარე. დაუშვებელია სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მათზე მუქარით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური გამონათქვამებით, რაც მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობით მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას“, - ნათქვამია იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

 

„თქვენ ხართ ის მოსამართლე, ვინც ადამიანი გაასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა", - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, მოსამართლემ განუცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მელიას მიუთითა, კითხვა ესწავლა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner