ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერთან შეხვედრისას დადებითი შეფასება მიეცა ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლობის საქართვლოში გახსნას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა ბოლო დროს გააქტიურებულ მაღალი დონის ვიზიტებზე და ხაზგასმით აღინიშნა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რათა მეტი ძალისხმევა იქნეს მიმართული არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად. გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაძლიერდეს მუშაობა ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნეს-კავშირების გაღრმავების მიმართულებით. აღინიშნა, რომ თბილისში ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს, ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.
შეხვედრისას ინდონეზიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც შესაძლებელია საინტერესო აღმოჩნდეს ინდონეზიისათვის.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. მათ შორის, აცნობა გალის რაიონში, ამა წლის 12 მარტს 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ, რომელიც რუსი სამხედროების მიერ იქნა დაკავებული.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და თანამშრომლობის პოტენციალს. ქართული მხარის მიერ გამოიხატა ინტერესი, ინდონეზიის როგორც, ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ქვეყნის გამოცდილების გაზიარების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს ჰიდეიათ ნურ ვაჰიდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინდონეზიაში მიიწვია.