საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს. სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ეს პროცესი უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს:
„შევთანხმდით იმაზე, რომ მივცეთ ახალი იმპულსი კომისიას და დავუბრუნდეთ იმ შეთანხმებას, რომელიც პრაქტიკულად მიღწეული იყო წარსულში, როდესაც მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრაქტიკულად მიღწეული იყო შეთანხმების ნორმატიული ბაზა. უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და უნდა დავასრულოთ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები საქართველოში არ უნდა გადავიდეს:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხური ან აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენ მშვიდობიანად ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებულნი ქვეყნის ეკონომიკაში, პოლიტიკაში თუ კულტურულ ცხოვრებაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დღეს, 13 მარტს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.