„ვფიქრობ, 2008 წელს NATO-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებით ნატო არ გააფართოვა. ვფიქრობ, რომ მან პუტინს მისცა იდეა, რომ მას შეუძლია გააკეთოს რაც მოესურვება და ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ მას წინ აღვუდგეთ, მათ შორის ყირიმსა და სხვა ზონებში“, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენჯელმა განაცხადა.
13 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა მოსმენა სახელწოდებით - „NATO-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“. მასზე მიწვეულნი იყვნენ ორგანიზაციის „WestExec Advisors“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი, მიშელ ფლოურნი; Belfer-ის ცენტრის, ევროპისა და ტრანსატლანტური ურთიერთობის თაობაზე პროექტის უფროსი მკვლევარი, NATO-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, დუგლას ლუტი; გერმანიის მარშალის ფონდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი დერეკ ჩოლე; ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი და ევროპისა და NATO-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე იან ბრჟესინკი.
მოსმენისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნელსაყოფად NATO-ს უმნიშვნელოვანეს როლსა და ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.
მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა არსებულ გამოწვევებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მათ აღსაკვეთად NATO-ს მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლბას. როგორც მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენებმა გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა და რუსეთისაგან მომდინარე აგრესიული ქმედებებისაგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა მის შესავალ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკითხზე.
„მომდევნო 70 წლის განმავლობაში კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე ვიქნებით. ჩვენ უკვე ვიხილეთ აღმავლობის გზაზე მყოფი რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული კიბერშეტევები და საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო კონფლიქტები. ნათელია, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის დროინდელი ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტატუსის ხელახლა დაბრუნება. ერთიანობითა და ძლიერებით ჩვენ შეგვიძლია ამ გამოწვევის დაძლევა“, - განაცხადა მაქკოლმა.
მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ხაზი გაუსვეს NATO-ს ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებისა და NATO-ში ახალი წევრების გაწევრიანებისადმი ალიანსის ვალდებულების მნიშვნელობას.
ევროპისა და NATO-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, იან ბრზეჟინსკი ხაზი გაუსვა NATO-ს წევრებისა და მოკავშირეების სამხედრო გაძლიერების მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საჭიროა, რომ NATO-მ განსაკუთრებით გააძლიეროს ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვისა და არქტიკის ფლანგები.
„საჭიროა, რომ ალიანსმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას უნდა წარუდგინოს NATO-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმა - რომ მათ გააწევრიანებს. მოსკოვის უკრაინასა და საქართველოში შეჭრით, ჩვენ მივიღეთ მკაფიო გაკვეთილი. ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების თაობაზე NATO-ს მერყეობამ მხოლოდ გააცოცხლა ვლადიმირ პუტინის მადა, რომ მოსკოვის კონტროლი განამტკიცოს და მადესტაბილიზირებელი „ნაცრისფერი“ ზონები შექმნას ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში“, - განაცხადა ბრზეჟინსკი.
მისივე განმარტებით, უკრაინისა და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი, დასავლეთის მხრიდან უფრო ქმედითი და ძლიერი მხარდაჭერის ვალდებულების აღების შემთხვევაში, ნაკლები ალბათობაა, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელებდა აგრესიას.
„ეს ქვეყნები მიისწრაფვიან NATO-ში გაწევრიანებისაკენ და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აგზავნიან, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენს მისიებს, ეს იქნება ბალკანეთსა, თუ ავღანეთში. მე მახსოვს დრამატული სახის გადაცემა ავღანეთში მებრძოლი ქართული ოცეულის თაობაზე, რომელიც ჩვენს საელჩოს იცავდა და ამას მაღალპროფესიულად აკეთებდა. მათ მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა სჭირდებათ ჩვენგან“, - განაცადა ბრზეჟინსკიმ.
კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა (რესპუბლიკელი-ნიუ ჯერსი) გაიხსენა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან ერთი კვირის შემდეგ თბილისში მისი ყოფნის პერიოდი და აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდოდა საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად, რომ არა აშშ-ის ადმინისტრაციიდან იმ დროს გაკეთებული ზოგიერთი ძლიერი სახის განცხადება. მან ხაზი გაუსვა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმის არსებობის საჭიროებას. მისი განმარტებით, დროა, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ ამ საკითხში მეტი კონკრეტულობის შეტანით - თუ როგორ მოხდება მათი NATO-ში გაწევრიანება.
კონგრესმენმა კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში.
კონგრესმენი ანნა ვაგნერის (რესპუბლიკელი-მისურის შტატი) განცხადებით, რუსეთი აწარმოებს არაკონვენციურ ჰიბრიდული სახის ომს, რათა ძირი გამოუთხაროს დასავლეთს.
„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევები ესტონეთზე და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებზე და რუსეთის მიერ შექმნილი „გაყინული“ კონფლიქტების ზონა მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში“, - აღნიშნა ვაგნერმა.
კონგრესმენმა ტედ იოჰომ (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი), ხაზი გაუსვა NATO-ს არსებობის მნიშვნელობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. მისი განმარტებით, პუტინმა მარტივად შესძლო საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. იგი კვლავაც განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს მანამდე სანამ დასავლეთი მტკიცედ წინ არ აღუდგება მის აგრესიულ მისწრაფებებს.
აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.