„ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიაში და არც ერთ რაიმე ზეწოლის შემთხვევას არ შევსწრებივარ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„საკუთრივ ანგარიშს არ გავცნობივარ, მაგრამ მაგალითად რაც შეეხება მაჩალიკაშვილის და სარალიძის საკითხს, ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ შესაძლებლად მოკლე ვადებში და მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მე ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოქალაქე გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას. პირადად მე არც ერთ შემთხვევას არ შევსწრებივარ, რომ რაიმე სახის ზეწოლა ყოფილიყო“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
გუშინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.
„პოლიტიკური ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაყენება პრობლემად დარჩა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ოპოზიციის წარმომადგენლებზე რიგი თავდასხმები“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია NDI-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზეც.
„ამ არჩევნებში ყველაზე განსაცვიფრებელი იყო სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან აგრესიული, პერსონალიზირებული და უპრეცედენტო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინაღმდეგ“, - წერია NDI-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში.
ანგარიშში ასევე მოყვანილია მარნეულის მერის საქმე და აღნიშნულია, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო და მერს ბრალდება წაუყენა.