15 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ტაძარში 12 ადამიანის ნეშტი იქნება დასვენებული.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული მებრძოლები, 26 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - ამის შესახებ განცხადებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1990-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 12 პირია ამოცნობილი და მათი ნეშტები ოჯახებს გადაეცა. მათგან 7 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრები: გოჩა გიორგაძე, ზურაბ ნადარეიშვილი, თამაზ ტყეშელაშვილი, ალექსი ბერაძე, გივი მანაგაძე, აკაკი მანაგაძე და კახი ბზიკაძე არიან. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 15 მარტს, 17.00 საათიდან დაიწყება.
„1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით, 2300-მდე (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების მოძიების, ნეშტების ამოცნობისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხებზე. შექმნილია ერთობლივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველი, ოსი, რუსი და აფხაზი მონაწილეებისგან შედგება. ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, ამათგან 200-მდე ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.