„საქართველო აღნიშნულია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი და ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემამ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიაღწია“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ NATO პროგრესულად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს. ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიზისის არსებობის შესახებ საუბრები, საფუძველს მოკლებულია და გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც ამ სფეროში მიღწეული სერიოზული პროგრესის შესახებაა საუბარი, ექსპერტებისა და შემფასებლების ანგარიშს ეყრდნობა.
„ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 15 ინიციატივას, ამ 15 ინიციატივიდან ერთი შესრულებულია, ხოლო ორი, რომელიც არის NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა - ამ მიმართულებით პროგრესი სახეზეა და ის შესრულებულად შეიძლება, ჩაითვალოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში გახლავთ ის, რომ NATO ძალიან პროგრესულად აფასებს 6 ინიციატივას და მოლოდინი აქვს, რომ ის უკვე 2019 წლის განმავლობაში დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ NATO ძალიან პროგრესულად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს. ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან ფართო შინაარსის მქონე რეფორმები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო თავდაცვას, ლოჯისტიკას, მათ შორის, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება პროგრესი 2019 წელს. ეს არ არის, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ჩვენ ოპონენტებს ხშირად უყვართ ხოლმე საუბარი უსაფუძვლოდ, რომ გარკვეული სახის კრიზისი არსებობს თავდაცვის ან უსაფრთხოების სექტორში, მაგრამ ის დოკუმენტი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ეყრდნობა ძალიან სერიოზულ, ექსპერტებისა და შემფასებელთა ჯგუფის მიერ დადებულ ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში იქნა მიღწეული“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მიმდინარე წელს, NATO-სთან ურთიერთობის კუთხით, მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს. ირაკლი სესიაშვილმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია.
„ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ძალიან სერიოზულ მოლოდინებს, რომ თუ 2019 წლის ფარგლებში ეს 9-ვე ინიციატივა იქნება შესრულებული, დაგვრჩება 6 ინიციატივის შესრულება, რაც, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. თავისთავად ცხადია, ეს ნიშნავს საქართველოს ძალიან ინტენსიურ კავშირს და ინტეგრაციას NATO-ში. თქვენ იცით, რომ ამ თვის ბოლოს NATO-ს გენერალური მდივანი, სამხედრო კომიტეტი ჩამობრძანდება საქართველოში. მთლიანად, ეს წელი ძალიან დატვირთული იქნება NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
თქვენ მოისმინეთ გენერალური მდივნის განცხადებაც, რომ საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი გაიზრდება. საერთო ჯამში, ეს ხაზს უსვამს, რომ საქართველოში უფრო მეტი NATO-ა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მივესალმები ამ პროგრესს და მაქვს სერიოზული მოლოდინები წელს NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.