„პარლამენტის მიერ მიღებული კონცეფციის შესაბამისად, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ ხვდებიან ის პირები, რომლებიც მხილებულნი არიან დანაშაულში. ეს არის ერთგვარი ცოცხალი დოკუმენტი და ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით ტრაგიკულ ფაქტზე, თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და ეს მოხვდება იმ კრიტერიუმებში, რაც იყო მიღებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დადგენისას, დამნაშავეები ბუნებრივია ამ სიაში მოხვდებიან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართული მოსმენისას.
მინისტრის განმარტებით, საგარეო უწყება ინტენსიურად მუშაობდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესების თემაზე, რასაც კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა, მათ შორის, აღსანიშნავია ლიეტუვის რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიაში შესულ პირებზე ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული სანქციების დაწესების შესახებ; ევროპარლამენტარების მოწოდება წევრი სახელმწიფოებისთვის, შემზღუდავი ზომები დაუწესონ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფ პირებს; ირლანდიის რესპუბლიკის სენატის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რა დროსაც სენატმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, მიიღოს შემზღუდავი ზომები სიაში შემავალი პირების წინააღმდეგ და აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული აქტი (US Georgia Support Act), სადაც დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები.
მინისტრის თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პირველად მოხვდა ეუთოს დოკუმენტებში, სადაც ხაზგასმულია სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების მიუღებლობა და აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს მასზე. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ყურადღება არის გამახვილებული ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშში და ამ ანგარიშთან დაკავშირებით ევროკავშირის მეირ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება.