საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და ევროინტეგრაციის საკითხებზე ანგარიში წარადგინა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განვიხილავთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაა, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს და რეალურად, ის იქნება ეროვნული დონის დოკუმენტი.
მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სტრატეგიის წარდგენა გავაკეთოთ კომიტეტის სხდომაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა კომიტეტმა გასულ წელს დაამტკიცა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ამ დოკუმენტების პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან.
სტრატეგიაში, ასევე შესულია ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური თემები. ცხადია იმ პრიორიტეტებზე მე არ ვისაუბრებ, რაც არაღიარების პოლიტიკას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას ეხება. ცალკეული ტენდენციები და პრიორიტეტები განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორისაა - სტრატეგიული კომუნიკაცია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება ცალკე მოსმენა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინსიტროს, არამედ პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთანაც“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, მეორე განსახილველი საკითხი, უშუალოდ ევროკავშირის თემებს უკავშირდება.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო არის კოორდინატორი ქვეყანაში ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველობის კუთხით. ამიტომ, ჩვენ სამინისტროსგან ველით ზოგად ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და ევროპული ინტეგრაცია ამ კუთხით. ასოცირების შეთანხმება ძალიან ფართო დოკუმენტია, უამრავ თემას ფარავს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დარგობრივ კომიტეტებზე უშუალოდ დარგის წარმომადგენლებთან და სამინისტროებთან ერთად ვიმსჯელოთ ყველა კონკრეტულ მიმართულებაზე. ამიტომ, დღეს, ამ საკითხის ზოგად პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით მოვისმენთ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ასევე, გვაინტერესებს როგორ მიმდინარეობს კოორდინირებული თანამშრომლობა აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარადგინა პრინციპების დონეზე.
„ამ საბჭოს მნიშვნელობა ძალიან დიდია და ის პრაქტიკულად აჯამებს ყოველწლიურად საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ამდენად, პარლამენტისთვის, საზოგადოებისთვის, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანი ამ საბჭოს შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება.
ჩვენ გამოვაცხადეთ საკმაოდ ამბიციური გეგმის შესახებ, რომ შეგვემუშავებინა - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა. ამ დოკუმენტის მიმართ საზოგადებაში ინტერესი დიდია და დღევანდელი სხდომა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა უფრო მეტი გავიგოთ იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაც გაშლილია საგზაო რუკაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს დოკუმენტი წარდგენილი იყო საბჭოზე პრინციპების დონეზე და პარლამენტისთვის, საზოგადოებისთვის საინტერსო იქნება მოვისმინოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
თამარ ხულორდავას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოსმენა ვიზალიბერალიზაციის პროცესისა და მისი მიმდინარეობის შესახებ.
„ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ სამინისტროს მხრიდან მოვისმინოთ რა პრეტენზიები არსებობს, რა ნაბიჯები გადაიდგა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და რა იგეგმება იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ თავისუფალი მიმოსვლის ის რეჟიმი, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა, რომ ეს არის თვისობრივად ახალი ტიპის დოკუმენტი და არის აბსოლუტურად განსხვავებული წინა წლების დოკუმენტებისგან. მისივე თქმით, ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმაციისაა და სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილი იყო ფართო ჩართულობა.
„ახალი სტრატეგია სრულ თანხვედრაშია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის რეზოლუციასა და 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამასთან „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გასული წლების სტრატეგიებში საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოს შეფასებაში ძირითადად ფოკუსი იყო დაყვანილი რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაზე. 2019-2022 წლების სტრატეგიაში კი, მოცემულია ბევრად უფრო გლობალური ხედვა საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე პროცესების, გამოწვევების და საფრთხეების.
მისივე თქმით, დოკუმენტის კიდევ ერთი ნოვაციაა საქართველოს აღმოსავლეთ ევროპა-შავი ზღვის რეგიონის ნაწილად პოზიციონირება.
„გასული წლების სტრატეგიებში საქართველოზე აქცენტი გაკეთებული იყო როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ნაწილზე. ახალ სტრატეგიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოს, როგორც ევროპის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ასევე პირველად, სტრატეგიულ მიზნად დასახელდა ევროკავშირში გაწევრიანება, ნაცვლად ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასევე, დაფიქსირდა ჩვენი ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარებისკენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წინა წლების დოკუმენტებში საგარეო პოლიტიკის მიზნად დასახული იყო დემოკრატიული განვითარება, ახალ სტრატეგიაში კი აქცენტი კეთდება ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს და ქვეყნის კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტებისკენ სწრაფვას.
თავის გამოსვლაში, დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად შავი ზღვის ეკონომიკური როლის გაძლიერება დაასახელა. მისივე თქმით, სტრატეგიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გაწერილია სტრატეგიული კომუნიკაციები.
„საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესში მთავარი განმსაზღვრელი იყო ის რთული საერთაშორისო გარემო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ის გამოწვევები, რომელთა წინაშე დგას საქართველო, მთლიანად რეგიონი და მსოფლიო“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, სწორედ მსგავსი საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით განისაზღვრა დოკუმენტში საგარეო პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა მომდევნო 4 წლის განმავლობაში სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებზე.
დოკუმენტის მიხედვით პირველი მიზანი არის, სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში
„აღნიშნული მიზნის მისაღწევად დოკუმენტით დაისახა, რამდენიმე მნიშნელოვანი ამოცანა, როგორიცაა: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების შეკავება, აღკვეთა, კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფა; ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობისა და მათი უფლებების დაცვის გაუმჯობესება, დევნილთა მშვიდობიანი დაბრუნების უზრუნველყოფა; საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა; არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამყარება და საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოსათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. გასულ წელს აღნიშნული მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გაწეული და გვქონდა სერიოზული მიღწევები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მეორე მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დასახული ამოცანებია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობების ეფექტური განხორციელება, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით; მიგრაციის სფეროში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი ამოცანების განხორციელება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მობილობის ზრდა და ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა; ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის იმპლემენტაცია; „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და ევროკავშირის დახმარების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, დოკუმენტში მესამე მიზანი NATO-ში გაწევრიანებაა, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად სტრატეგიაში განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები: NATO-საქართველოს კომისიის ფორმატში პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება და მაქსიმალური გააქტიურება; საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტეგრაციული მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება; NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის ეფექტიანი გამოყენება; შავი ზღვის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის მიზნით ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა.
დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიის შემდეგი მიზნებია: ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაცია და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება; მდგრადი ეკონომიკური განვითარება; დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა;
დავით ზალკალიანის განცხადებით, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ორმხრივი დიპლომატია და ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობისას ჩვენ ორ ძირითად მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ერთი ეს იქნება თავდაცვა და უსაფრთხოება, ხოლო მეორე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ევროპის ქვეყნებთან,ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშნელოვანია გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობების მოძიება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ქმედითი და დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას რეგიონში, რაც აუცილებელი წინაპირობაა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ურთიერთ ინტერესზე დამყარებული თანამშრომლობისათვის. მისივე თქმით, ამ კუთხით ყურადღება მიექცევა, რა თქმა უნდა, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ორმხრივი და სამმხრივი ფორმატების გამოყენებას, სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას. აქტიური ძალისხმევა იქნება გამოყენებული ასევე, აზიისა და ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა, ასევე, საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, მრავალმხრივი დიპლომატიის აქტიურად გამოყენებაზე ეკონომიკურ დიპლომატიაზე და სტრატეგიულ კომუნიკაციებზე.
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ 2017-2020 წლების სტრატეგიის იმპლემენტაციას და ამ სტრატეგიის მიზანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ერთიანი სამთავრობო კომუნიკაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, სტრატეგიის 2018 წლის ანგარიში ემსახურება სამ ძირითად ამოცანას: საქართველოს, როგორც დასავლური ღირებულებების მქონე ევროპული ქვეყნის წარმოჩენას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესის და მიღებული და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ასევე, მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შემცირებას.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 2019 წლის განმავლობაში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მოვლენების გათვალისწინებით განხორციელდება, რამდენიმე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ შემდეგი თემატიკის მიხედვით, კერძოდ: ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები, მათ შორის, გატარებული და მიმდინარე რეფორმები; NATO-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და მათი ცნობადობის ამაღლება; საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს, საექსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და სხვა.
ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება, რასაც კონკრეტული მიღწევები განაპირობებს.
„ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, იზრდება ევროკავშირთან ვაჭრობა, ასევე ხდება ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია, ვაძლიერებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, იზრდება ევროკავშირის დაფინანსება და უფრო მეტად ვინტეგრირდებით ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე და ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებზე.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველო წარმატებით ახორციელებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოვების მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის მნიშვნელობას.
მოხსენების შემდეგ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.