logo_geo
eng_logo
შპს „მეტრა დეველოპმენტი“ დედაქალაქის მერს ღია წერილით მიმართავს
- +

15 მარტი. 2019. 01:38

 

შპს „მეტრა დეველოპმენტი“ ქალაქ თბილისის მერს კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „მეტრა დეველოპმენტმა“ მიაწოდა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია რომ „მეტრა პარკის“ მობინადრეები მიზანმიმართულად ცდილობს კომპანიის დისკრედიტაციას, და ზეწოლას ახორციელებს მერიის შესაბამის უწყებებზე. მომჩივნების განცხადება თითქოს კომპანიას განზრახული აქვს გაჩეხოს ხე-ნარგავები წარმოადგენს ცილისწამებას.

 

„ბატონო კახა, „მეტრა პარკის“ მობინადრეების ღია წერილის პასუხად მოგმართავთ და გთხოვთ არ გაიზიაროთ 7 ადამიანის მიერ სიძულვილით გაჯერებული ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები.

 

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კომპანია შეგნებულად თავს არიდებს საჯარო განცხადებების გაკეთებას და ცდილობს არ გაცდეს დავის სამართლებრივ ჩარჩოებს. სამაგიეროდ, სარგებლობს რა კომპანიის კორექტულობით მაცხოვრებლების 7 კაციანი დაჯგუფება (მუდმივად ჟღერდება რომ არსებობს 50 კაციანი ჯგუფი, თუმცა ყველა საჩივარსა თუ განცხადებაზე მხოლოდ 7 ადამიანის ხელმოწერაა) და მიმართავს ყველა ბინძურ ხერხს, რათა მოახდინოს კომპანიის დისკრედიტაცია და ზეწოლა მოახდინოს მერიის შესაბამის სამსახურებზე.

 

პირველ რიგში გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ადამიანების მიერ 2018 წლის ივნისში შეტანილ იქნა ორი სარჩელი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილ იქნა „მეტრა-პარკის“ გრგ-ს მოქმედების შეჩერება, რაზეც როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ეთქვათ უარი.

 

ბატონები იოსებ ნიბლაძე, ირაკლი ტიკარაძე და ზურაბ ქილიფთარი, რომლებიც წარმოადგენენ ამ ჯგუფის „ლიდერებს“, მუდმივად ახსენებენ, რომ „შპს „მეტრა დეველოპმენტი“ ყველა ხერხს და ღონეს მიმართავს და მერიის სამსახურები შეჰყავს შეცდომაში“. გასაკვირია, რომ მათი ეს ბრალდებები მიმართულია მხოლოდ მერიის წინააღმდეგ და აღნიშნული ბრალდებები რატომღაც, არ ჟღერდება სასამართლოს მისამართით...

 

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პირები დაუზარებლად ასაჩივრებენ შპს „მეტრა დეველოპმენტის“ ყველა განცხადების განხილვას და ამ განხილვის პროცესში მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ქ. თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში, თუმცა აქაც უშედეგოდ. არცერთი ადმინისტრაციული განხილვა მომჩივანი პირების სასარგებლოდ არ დასრულებულა.

 

მუდმივად ჟღერდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია იყენებს შეუსაბამო და არასწორ დოკუმენტაციას, ახდენს დასკვნების გაყალბებას, რაც ასევე მტკნარი სიცრუეა, სულ მცირე იმის გამო, რომ არცერთი აღნიშნული ბრალდების გამაბათილებელი მტკიცებულება მათი მხრიდან წარმოდგენილი არ არის.

 

მომჩივნების განცხადებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანიას განზრახული აქვს გაჩეხოს ხე-ნარგავები (კავკასიური მუხა, ელდარის ფიჭვები და სხვა), რაც ასევე წარმოადგენს ცილისწამებას. კომპანიამ შეათანხმა დენდროლოგიური პროექტი, რომლის მიხედვით საპროექტო ტერიტორიაზე იჭრება მხოლოდ და მხოლოდ თვით ნაყარი ბუჩქები და გადარგვას ექვემდებარება სულ რვა ხე. აღარ ვეხებით დეტალურად იმას, თუ რა მასშტაბის გამწვანების სამუშაოები უკვე განხორციელებული აქვს კომპანიას და მომავალში კიდევ, რამდენი უნდა გაკეთდეს, შეთანხმებული დენდრო-პროექტის შესაბამისად.

 

საერთოდ გაუგებარია ტერმინი „თვისობრივად სატყეო ზონა“, რომელზეც აპელირებენ მას შემდეგ, რაც კომპანიამ გააკეთა განცხადება და არგუმენტირებულად განმარტა, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს განეკუთვნებოდა სატყეო ზონას და არც ამჟამად არის.

 

ამ სიცრუისა და ბინძური ბრალდებების ნიაღვარში პირველ ადგილს იკავებს ბრალდება იმის შესახებ, რომ შპს „მეტრა დეველოპმენტმა“ მოატყუა მაცხოვრებლები და დაუმალა საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.14.08.001.088) სამშენებლოდ განვითარების გეგმები.

 

ბატონებს ირაკლი ტიკარაძეს და ზურაბ ქილიფთარს „მეტრა პარკში“ ბინები შეძენილი აქვთ 2006-2008 წლებში, როდესაც უკვე არსებობდა ამ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და მაშინვე გათვალისწინებული იყო ამ საპროექტო მიწის ნაკვეთზე 5 შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

 

რაც შეეხება ბატონ იოსებ ნიბლაძეს, რომელმაც უშუალოდ შპს „მეტრა დეველოპმენტისგან“ შეიძინა ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულებაში პირდაპირ უწერია, რომ: „ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მყიდველი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია მიწის ნაკვეთის განაშენიანების პროექტი და ხელშეკრულების ხელმოწერით მყიდველი წინასწარ იძლევა თავის ცალსახა, უპირობო და გამოუხმობს თანხმობას მასზედ, რომ გამყიდველმა მოახდინოს მიმდებარე ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის) განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ-ს) კორექტირება ნებისმიერი პარამეტრებით, გამყიდველის სრული და შეუზღუდავი შეხედულებისამებრ.”

 

შესაბამისად, მათი ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ დაზიანდეს დეველოპერი, რომელმაც განახორციელა 11 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება ამ პროექტის რეაბილიტაციაში და რომელმაც 130 იმედდაკარგულ ოჯახს ჩააბარა ბინები.

 

კომპანია აცხადებს, რომ მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას იმისათვის, რომ თითოეულმა იმ ადამიანმა, რომელიც დღეს განზრახ ცდილობს ცრუ ბრალდებებით კომპანიის დაზიანებას და სახელის შელახვას, პასუხი აგოს კანონის წინაშე.

 

ბატონო კახი გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოებები და არ მისცეთ საეჭვო ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფს იმის საშუალება, რომ დააზიანონ კეთილსინდისიერი დეველოპერული კომპანია“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ წერილში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner