UEFA-მ ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ლივერპულსა" და „მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო კლუბები დააჯარიმა.
შეხვედრის მიმდინარეობის დროს, რომელიც მერსისაიდელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, ტრიბუნებიდან, ქომაგთა მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები განუწყვეტლივ გაისმოდა, რის გამოც ინგლისურ გრანდებს 40-40 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ.
პიროტექნიკის გამოყენების, მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლის, მატჩის დაგვიანებით დაწყებისთვის და ქომაგთა უწესრიგობისთვის „ლივერპულს" ჯარიმის სახით კიდევ 17 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.
რაც შეეხებათ „წითელ ეშმაკებს", მათ სტადიონის გასასვლელის ბლოკირების, ქომაგთა უწესრიგო ქცევისა და მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლის გამო დამატებით 18 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.