ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკოლოგიის თემატიკამ მთელს მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ტურისტული ნაკადები სწორედ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებისკენ მიემართებიან. თუმცა ინდუსტრიული და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების აქტუალურობა ამით არამც და არამც არ მცირდება. ფართო მასებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს ორი მიმართულება ურთიერთგამომრიცხავია და შეუძლებელია, ინდუსტრიული განვითარება ეკოლოგიასა და ტურიზმს შეუთავსო. არადა, მსოფლიოში არაერთი ადგილი არსებობს, რომელიც ამ მცდარ სტერეოტიპს ამსხვრევს. მათ შორის ერთ-ერთი მეტრო ვანკუვერის რეგიონის (კანადა) ქალაქი პორტ მუდია. „აქცენტი“ ქალაქის მერს რობ ვაგრამოვს ესაუბრა.
– ბატონო მერო, თქვენი ქალაქი - პორტ მუდი ერთდროულად ტურისტული ქალაქიცაა და მსოფლიო მნიშვნელობის ინდუსტრიული ცენტრიც. როგორ ახერხებთ, ეს ორი მიმართულება ერთმანეთს შეუთავსოთ?
- პორტ მუდი ამაყობს თავისი მრავალფეროვანი და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, რომელიც იზიდავს ტურისტებს როგორც მთელი რეგიონიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორისაა მაღაზიები და საწარმოები, ჩვენი რეგიონის ლუდსახარშის ნედლეულის წარმოება, თავად ლუდის ქარხნები.
ადამიანებს ვიზიდავთ ასევე უამრავი კონცერტითა და სხვა უფასო ღონისძიებებით, რომლებიც პორტ მუდის ყოველწლიურ კალენდარს ამშვენებენ.
ჩვენი ბუნებრივი გარემო პირობები და ლანდშაფტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, ისიამოვნონ ბუნებით, წყნარი ოკეანეს ხედებით, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით, ფოტოგრაფიით და ა.შ.
– პორტ მუდი საპორტო ქალაქიცაა, აქ ფუნქციონირებს გოგირდის, კარბამიდის და ზოგადად მინერალური სასუქების, ასევე ნავთობის ტერმინალი. ამავდროულად, პორტები და მათ ირგვლივ განთავსებული ინფრასტრუქტურა სრულადაა ათვისებული და განვითარებული ტურიზმის კუთხით. როგორ ხერხდება ამ მიმართულებების ერთმანეთთან შეთავსება?
- ოკეანე გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მეწარმეობის განვითარებისთვის, მათ შორის - მსოფლიო მნიშვნელობის საექსპორტო შესაძლებლობებს (გოგირდის, კანოლის ზეთის, კალიუმის სასუქების ტერმინალები). ამ კონტექსტში აღსანიშნავია ასევე მოქმედი წისქვილი, ქიმიური, მინერალური სასუქების ტერმინალები და ობიექტები, ნავთობ-ტერმინალები და სხვა.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დეინდუსტრიალიზმმა ვანკუვერის რეგიონში მძიმე ინდუსტრიას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. პორტ მუდის გაუმართლა, რომ ჰყავს მსხვილი მეწარმე პარტნიორები. აქ ტურისტული და ინდუსტრიული ბალანსი დელიკატურადაა დაცული და მათზე მეთვალყურეობას მუნიციპალიტეტები, რეგიონული და პროვინციების მთავრობები ახორციელებენ.
რამდენადაც მძიმე ინდუსტრია ეფექტურად რეგულირდება მთავრობის სხვადასხვა დონეებით, ჩვენი მთავარი მიზანია ჰარმონიული ბალანსის დაცვა ინდუსტრიასა და ტურიზმში, განსაკუთრებით - სანაპირო ზოლზე, რადგან მოგეხსენებათ, ტერმინალები ძირითადად პორტებში ან პორტებთან მოქმედებს.
- როგორც ცნობილია, ვანკუვერი „მწვანე მშვიდობის“ მოძრაობის ფუძემდებელია მსოფლიოში, თქვენთან ეკოლოგია და ჯანსაღი ცხოვრება პრიორიტეტულია. ამავდროულად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხართ მსოფლიო მნიშვნელობის ინდუსტრიული ცენტრი. როგორ და რა პრიორიტეტებით გეგმავთ ქალაქის ბიუჯეტს? ეკისრებათ თუ არა ფაბრიკებს, ქარხნებს, ტერმინალებს, პორტებს დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობა, ეკოლოგიაში ინვესტირება განახორციელონ, ან იღებენ თუ არა რაიმე ვალდებულებებს ქალაქის სასარგებლოდ? რაიმე დამატებითი გადასახადი თუ გაქვთ დაწესებული ინდუსტრიულ სეგმენტზე?
– არაერთი სტრატეგიული ინდუსტრიული ობიექტის მმართველი ჩვენს მუნიციპალიტეტში პროვინციების ან ფედერალური ხელმძღვანელობაა, რის შედეგადაც ქალაქს ეკოლოგიის ნორმების ჩამოყალიბებაში მხოლოდ მცირე შესაძლებლობა თუ რჩება. ვაპირებ და მაქვს მოლოდინი, რომ ამ მდგომარეობას ქალაქის სასარგებლოდ შევცვლით. ჩვენს მეწარმეებს მუდმივად შეჰქონდათ შენატანები გრანტებისა და ქველმოქმედების სახით. პორტ მუდის გადახდისუნარიანობის რამდენიმე კლასიფიკაცია გააჩნია. მათ შორისაა მოსახლეობა, საწარმოები, მძიმე ინდუსტრიის ობიექტები. ისინი განსხვავებულად ფორმულირდებიან, გამომდინარე საქმიანობიდან და ერთობლიობაში ეს ქალაქის საგადასახადო სისტემას ქმნის.
როგორც უკვე აღვნიშნე, მძიმე ინდუსტრიის არაერთი ობიექტი იმართება უფრო მაღალი სახელისუფლებო დონეებით. დღესდღეობით რეგიონში მოქმედებს ისეთი პროექტები, რომელთა მართვა მართლაც დელიკატური საკითხია. მაგალითად „Trans Mountain Pipeline Expansion Project“ (მილსადენის გაფართოების პროექტის განვითარება) შეგვიძლია, მოვიყვანოთ. ნავთობის ჩაღვრა გაცილებით დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, ვიდრე დახურული წესით მოქმედი სხვა ობიექტების ოპერირება.
მე სამეწარმეო საქმიანობას შემდეგნაირად განვიხილავ: 1) მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები; 2) ინდუსტრიულ საქმიანობას უნდა მოჰქონდეს საკმარისი ეკონომიკური სარგებელი. ამ კუთხით ნავთობის მიმართულებას უფრო ფრთხილად ვეკიდები: იგი რაოდენობრივად ნაკლებ გრძელვადიან სამუშაო ადგილს ქმნის, ვიდრე,ვთქვათ, სავაჭრო ობიექტები და ეკოლოგიისთვის გრძელვადიანი საფრთხის მატარებელია.
არსებობს მძიმე ინდუსტრიის ისეთი სახეობები, რომელთათვისაც პორტ მუდი მშობლიურია, - ესაა გოგირდის, მინერალური სასუქების ექსპორტი. აქ ხანძრის ან რაიმე სხვა ტიპის ინციდენტის შესაძლებლობა მინიმალურ დონეზე დაჰყავს კარგად გამართულ, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურას და ყველა იმ მოწყობილობას, რომელიც მკაცრად კონტროლდება, ასევე კვალიფიციურ პერსონალს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ქმნის სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას და საგადასახადო შემოსავლებს.
ტურიზმი, ბუნებრივი და ლანდშაფტური გარემო ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ქალაქის კიდევ უფრო გასალამაზებლად და კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად. ჩვენთვის ეკოლოგია პრიორიტეტია. თუმცა ინდუსტრიული და სამეწარმეო საქმიანობის განვითარება - ეს ეკონომიკური დივიდენდი და სამუშაო ადგილებია. ამდენად, ვცდილობთ, აქ მუდმივად დავიცვათ ბალანსი.