logo_geo
eng_logo
„ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა მნიშვნელოვანია იაპონიის ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად“
- +

15 მარტი. 2019. 13:40

 

 

„კარგად გვესმის, რომ ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იაპონიის ინვესტორებისთვის მომავალში ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევის დროს და ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ხელშეკრულების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიაში საქართველო - იაპონიის ბიზნესფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას.

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპს მიაღწია და შეთანხმების ძირითად ტექსტზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ხანგრძლივი თანამშრომლობის მანძილზე იაპონიამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც საქართველოს მზარდი წამყვანი პარტნიორი, რომელიც დროულად და ეფექტურად ახორციელებს დახმარებას იაპონიის სახელმწიფო ორგანიზაციების - JICA-ს, JETRO-ს, NEXI-ს და სხვა ინსტიტუციების მეშვეობით ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაში.

 

„საქართველო შეუჩერებლად ყალიბდება რეგიონში სტაბილურ მოთამაშედ, სულ უფრო უახლოვდება ევროპას და წარმატებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიად განიხილება. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ იაპონიამ აღგვიქვას რეგიონში საიმედო ბიზნესპარტნიორად და ქვეყნად, სადაც უზრუნველყოფილია სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

იაპონიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მასშტაბზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა შეთანხმებას შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის გადამწყვეტი საერთაშორისო ლოგისტიკის ქსელის მეორე ეტაპის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის 2018 წელს მოეწერა. იაპონიის მხარე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით 343 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოზიტიური დინამიკა და თანხვედრი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ბიზნესებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მყარი საფუძველია და ჩვენი პერსპექტიული ბაზრისადმი დამატებით ნდობას შექმნის,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ და აღნიშნა, რომ „საქართველოში მიესალმებიან ინვესტორებს, განსაკუთრებით, იაპონურ კომპანიებს, რადგან ტექნოლოგიასა და კაპიტალთან ერთად იაპონიის ბიზნესი საქართველოში ბიზნესის წარმოების უნიკალურ ბიზნესკულტურასაც შემოიტანს და დანერგავს“.

 

„იმედი მაქვს, რომ შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოში არსებული კონკრეტული ბიზნესშესაძლებლობების შესახებ და უკეთესად გაეცნოთ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების უპირატესობებს. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოგიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში, რათა თავად გაეცნოთ, თუ რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, აირჩიოთ მრავალრიცხოვანი პოტენციური პროექტებიდან სასურველი და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი საქართველოში“ ,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ბიზნესფორუმი, რომელშიც 150-ზე მეტი, მათ შორის, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner