„ჩვენი ხელისუფლების პირობებში შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად დაიცავენ ჩვენს ჯარისკაცებს“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„გამოძიების დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. ცუდი ფაქტი მოხდა, სამინისტროს დროული რეაგირება ჰქონდა და ასეც იქნება ყოველთვის. ვიღაცები რომ საუბრობენ სისტემურ პრობლემებზე, მათ საკუთარ წარსულში ჩაიხედონ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ახალწვეულ ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორივე დაკავებული ახალწვეულია.
შეგახსენებთ, რომ ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.